ჭიდაობა

14:02 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოჭიდავეების სკანდალური ფოტო და განმარტებები

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრების ფოტო, რომელზეც მათ რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები აცვიათ, სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გავრცელდა და დიდი ხმაურიც მოჰყვა.

მსოფლიოს ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე იმ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ძამბოლატ თედეევის ფოტოა.

თედეევი სამწვრთნელო საქმიანობის გარდა პოლიტიკაშიც აქტიურადაა ჩართული და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

ქართველი სპორტსმენების საქციელით აღშფოთებული გულშემატკივრების კრიტიკულ შეფასებებს მალევე მოჰყვა გიორგი იანტბელიძის კომენტარი. ნაკრების თავკაცმა განაცხადა, რომ 2018 წლის მაისში, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დღეებში, მას და ქართული დელეგაციის რამდენიმე წევრს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძამბოლატ თედეევის პორტრეტიანი მაისურები იქაურმა მეგობრებმა აჩუქეს და ერთად ფოტოს გადაღება სთხოვეს.

"დავთანხმდით, რადგან ძამბოლატ თედეევი საქართველოში დაბადებული და გაზრდილია და ჩვენი მეგობარია. ამ ჟესტით მას ვეცით პატივი და არა რუსეთს” – განმარტა იანტბელიძემ.

წუხელვე, ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა გენო პეტრიაშვილმაც:

„მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. მსგავსი მაისურები სუვენირების სახით არის ყველა ჩემპიონატზე. ამ მაისურზე გამოსახულია ჩვენი მეგობარი მოჭიდავე და მხოლოდ ამის გამო გადავიღეთ ეს ფოტო. ეს იყო მხოლოდ მეგობრული ჟესტი. მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის... მეც და ჩვენი ნაკრების თითოეულ წევრს ისევე შესტკივა გული ჩვენს სამშობლოზე და დაკარგულ ტერიტორიებზე, როგორც ყველა ქართველს".

0.120341