ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში თავის ისტორიაში პირველად გავიდა. ალბანური “კუკეში” საქართველოს ჩემპიონმა ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა (5:2, 0:2) და ამ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია კახა ჩხეტიანმა გამართა.
ქართველმა სპეციალისტმა მეტოქეს კონკრეტულ შეხვედრაში გამარჯვება მიულოცა, ხოლო თავის ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.
“მთავარია, რომ ეს ეტაპი გადავლახეთ და პლეი-ოფში გავედით. ვულოცავ “კუკეშს” გამარჯვებას, ეს დაიმსახურა, ისევე, როგორც ჩვენ თბილისში დავიმსახურეთ გამარჯვება. უბრალოდ, ჩვენ ერთით მეტი გოლი გავიტანეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.
გუშინაც ვთქვი, რომ “კუკეში” კარგი გუნდია და რთული თამაში გველოდა. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ფეხბურთელებს, ხოლო დღევანდელ მინუსებზე საქართველოში ვისაუბრებთ, როდესაც თამაშის ანალიზს გავაკეთებთ. პლეი-ოფის თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და ვეცდებით გამოვასწოროთ ის ყველაფერი, რაც დღეს არ გამოგვივიდა. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმუმს გავიღებთ, რომ სიხარული ჩვენს გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს მოვუტანოთ.
ჩვენ ქვეყნები, საქართველო და ალბანეთი ფეხბურთის კუთხით ახლა ვითარდებიან და მე მინდა, ალბანეთსა და საქართველოს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე წარმატება ვუსურვო.
არის მატჩები, როდესაც არ მიგდის თამაში, მაგრამ შედეგს აღწევ, ასე იყო დღეს. “კუკეშის” თავდამსხმელმა და მთლიანად გუნდმა პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ ეს ჩემი ფეხბურთელების ოსტატობას არ აკნინებს. ისინი მაღალი კლასის ფეხბურთელები არიან და მათში დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა ჩხეტიანმა.
ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბულგარულ “ლუდოგორეცს” დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 23 აგვისტოს თბილისში, ხოლო საპასუხო 30 აგვისტოს ბულგარეთში გაიმართება.