ფეხბურთი

20:15 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში ითამაშებს

“დინამო თბილისის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი კარიერას ავსტრიის ბუნდესლიგაში, “შტურმის” რიგებში გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია ავსტრიული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

გრაცელებმა ქართველ შემტევს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და 9-ნომრიანი მაისური გადასცეს. აღსანიშნავია, რომ “შტურმში” ქართველებს კარგად იცნობენ, რადგან ამ გუნდის რიგებში აქამდე დავით მუჯირს, ილია კანდელაკს, გიორგი შაშიაშვილსა და გიორგი ფოფხაძეს უთამაშიათ.

“ოთარს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს განსაკუთრებით შეტევაში. ის ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე კაპიტნობდა ისეთ ტრადიციულ გუნდს, როგორდ თბილისის “დინამოა”. ის ძალიან ტექნიკურია და დინამიკურად თამაში შეუძლია. “შტურმში” ქართველები ყოველთვის სასარგებლო ფეხბურთელები იყვნენ და ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი შეძენა, მიუხედავად მცირე საერთაშორისო გამოცდილებისა”, - განაცხადა სპორტულმა დირექტორმა გიუნტერ კრეისლმა.

ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა თავად კიტეიშვილმაც:

“ძალიან ბედნიერი ვარ ახალი გამოწვევით, რომელსაც გრაცის “შტურმი” ჰქვია. უკვე დავათვალიერე ქალაქი და ნამდვილად მომეწონა. თუმცა, კონცენტრირებული ფეხბურთზე ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს რაც შეიძლება სწრაფად დავეხმარო. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ გუნდს, “დინამო თბილისს”, რომელმაც მომცა ეს შესაძლებლობა”, - თქვა კიტეიშვილმა.

ქართველი შემტევის შესახებ ისაუბრა “შტურმის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეიკო ვოგელმაც:

“ოთარი ძალიან სწაფი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს საერთაშორისო დონეზე და ეროვნული ნაკრების დონეზე გამოცდილებაც. ის მხოლოდ 22 წლისაა და განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. ახლა მთავარია, რომ გუნდში ინტეგრირება მაქსიმალურად მოახერხოს”, - თქვა ვოგელმა.

“შტურმი” ავსტრიის ვიცე-ჩემპიონია და ამჟამად ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს, სადაც “აიაქსთან” პირველი შეხვედრა სტუმრად 0:2 წააგო. რაც შეეხება ბუნდესლიგის პირველ ტურს, “შტურმმა” “ჰარტბერგი” 3:2 დაამარცხა.

ოთარ კიტეიშვილი აქამდე რუსთავის “მეტალურგსა” და “დინამოში” თამაშობდა. ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში მან 18 თამაში ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრებში კი იმედისმომცემ ნახევარმცველს 2 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.11852