ფეხბურთი

1:56 | 31.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

მილანის „ინტერი“ სატრანსფერო ბაზარზე ნაყოფიერ მუშაობას აგრძელებს. იტალიური მედიის ცნობით, „ნერაძურის“ მორიგი ახალწვეული მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხორვატი მცველი შიმე ვრსალკო იქნება.

როგორც ცნობილი ხდება, „ინტერსა“ და „ატლეტიკოს“ შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, 26 წლის მცველი დამდეგ სეზონს იტალიაში იჯარის წესით გაატარებს. ამის სანაცვლოდ მილანელები 6 მილიონ ევროს გაიღებენ, ხოლო 1 წლის შემდეგ მისი გამოსყიდვა 17 მილიონად იქნება შესაძლებელი.

ვრსალკოსთვის იტალია ნაცნობი ადგილია, რადგან 2013-2014 წლებში „ჯენოას“, ხოლო 2014-2016 წლებში „სასუოლოს“ ღირსებას იცავდა. ვრსალკო „ატლეტიკოს“ 2016 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში ლა ლიგაში 21 თამაში ჩაატარა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატმა ფეხბურთელმა 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. აქვე გეტყვით, რომ „ნერაძურიმ“ მიმდინარე ზაფხულს სტეფან დე ვრეი, კვადვო ასამოა, ლაუტარო მარტინესი, მატეო პოლიტანო და რაჯა ნაინგოლანი უკვე გაიფორმა.

0.12824