ფიფას ყოფილი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. შვეიცარიელის განცხადებით, ყატარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ჩარევისა და დახმარების შედეგად მოიპოვა.
“ცუდი ამბავი: ყატარს ბრალი დასდეს სხვა მონაწილეებმა. ფაქტია, რომ ყატარმა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ ფიფას მაშინდელი ვიცე-პრეზიდეტის, მიშელ პლატინიზე ზეწოლის შედეგად გაიმარჯვა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ჩემი წიგნის მე-10 თავში”, - დაწერა ტვიტერში ბლატერმა.
2022 წლის მუნდიალის მასპინძლობაზე პრეტენზიას ყატართან ერთად აშშ, სამხრეთ კორეა, იაპონია და ავსტრალია აცხადებდნენ. ყატარმა კი, მეოთხე ტურში აშშ 14:8 დაამარცხა და მასპინძლობაც ირგუნა.