ფეხბურთი

22:42 | 26.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “ასეთი დონის გუნდთან საგოლე მომენტები უნდა გამოიყენო”

საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “მარიბორთან” (0:0) შეხვედრა შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს მოგება შეეძლო, თუმცა ამისთვის მთავარი, გოლი დააკლდა.

ფრუიძის განცხადებით, “ჩიხურას” დიდი ოსტატობა არ გააჩნია, მაგრამ აქვს მებრძოლი ხასიათი და ყველა ფეხბურთელი მოედანზე მაქსიმალურად იხარჯება.

“თანაბარი თამაში იყო, გარდამავალი უპირატესობით. შესაძლოა, ჩვენ დიდი ტექნიკური არსენალი არ გვაქვს, მაგრამ გუნდი იბრძვის, ბიჭები ბოლომდე იხარჯებიან და დარწმუნებული ვარ ასე იქნება საპასუხო შეხვედრაშიც. რა თქმა უნდა, მეტოქე ფავორიტია ახლა, რადგან საკუთარ მოედანზე ითამაშებს, მაგრამ არაფერს დავუთმობთ.

ბუნებრივია, ჩვენთვის მისაღები შედეგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. გვეშინოდა, “მარიბორის” სწრაფი შეტევების და ფლანგებიდან რამდენჯერმე განახორციელეს შეტევა. მე ვფიქრობ, რომ მეტი ფიზიკური კონდიცია გვჭირდებოდა, რადგან ბოლომდე გვეთამაშა შეტევაში. თუმცა, ის მომენტებიც, რომელიც გვქონდა, ასეთი დონის გუნდთან აუცილებლად უნდა გამოიყენო, რადგან სხვაგვარად წარმატებაზე ფიქრი არ შეიძლება.

როდესაც, შევიკრიბეთ, გადავხედეთ ჩვენს შემადგენლობას, ყველა ამბობდა, რომ ამ გუნდით გავარდებით, შედეგს ვერ მიაღწევთ. ჩვენი დევიზი არის ასეთი, რომელიც გაკრული გვაქვს საჩხერეში, სადაც ვცხოვრობთ – ყველაფერი შესაძლებელია! მე მაინც მგონია, რომ გუნდისთვის ერთიანი სულისკვეთება ყველაზე დიდი ძალაა.

დღეს ჩვენ დაგვაკლდა ოსტატობა, კლასი, ბოლო ნაბიჯი – გოლი. კი, მეტოქესაც ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გოლი დაგვაკლდა. თავს ზემოთ ვერ ახტები, მაგრამ ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მე არ მქონია ილუზია, რომ “მარიბორს” გავანადგურებდით, მაგრამ გვქონდა შანსი, რომ მოგვეგო.

სლოვენიელები სტანდარტული სიტუაციების დრო გამოირჩევიან და ვცდილობდით, რომ საჯარიმოსთან ჯარიმა არ მიგვეღო. ჩვენ კი გვაქვს რამდენიმე კომბინაცია ასეთ დროს დამუშავებული, თუმცა არ გამოვიდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ფეხბურთელებს თავისუფლებას ვაძლევს. რა თქმა უნდა, მიმართულებასაც ვაძლევ მოსამდებლად თამაშის წინ, მაგრამ ფეხბურთელმა თავისი ორგანიზმი უნდა იცოდეს თვითონ. ამას ვერავინ ვერ გასწავლის. არის ზღვარი, რომელთა გადაბიჯება არ შეიძლება. ეს ეხება როგორც ვარჯიშს, ისე ზოგადად ცხოვრებაში. “ბეითართან” მატჩისწინაც ყოველთვის იმას ვეუბნებოდი ბიჭებს, რომ შეგიძლიათ ამ ბარიერის გავლა! დღეს რამდენიმე ფეხბურთელს ეტყობოდა ნერვიულობა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მომენტია, ახალგაზრდები არიან.

ლექვთაძემ დღეს ტრავმა მიიღო და ხვალ გავიგებთ, შეძლებს თუ არა მეორე მატჩში თამაშს. სხვა ცვლილებებს რაც შეეხება, ჩვენ დიდი არჩევანი ნამდვილად არ გვაქვს და ასეთ თამაშებს ახალგაზრდა ფეხბურთელების ნდობა ძალიან რთულია. მაგალითად, ჩიხლაძეს ეროვნულ ლიგაში არაერთხელ გაუმწვავებია თამაში, გოლიც გაუტანია, საგოლე პასიც გაუკეთებია, მაგრამ ევროპა ლიგა სხვა დონეა. პირველ თამაშში გამოვიყვანეთ და საერთოდ დაიკარგა. ამიტომ, არ გვინდა, რომ ეს ბიჭი დაიკარგოს და იგივე ეხება სხვა ახალგაზრდებსაც, ზომიერება აუცილებელია”, - განაცხადა ფრუიძემ.

“ჩიხურასა” და “მარიბორის” საპასუხო შეხვედრა 2 აგვისტოს, სლოვენიაში გაიმართება.

0.113196