ფეხბურთი

21:00 | 15.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი - მსოფლიოს საფეხბურთო მბრძანებელი!

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი დასრულდა, ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა. “მამლებმა” ისტორიაში მეორედ მოახერხეს საფეხბურთო მწვერვალზე ასვლა და ამ მაჩვენებლით არგენტინისა და ურუგვაის ნაკრებებს გაუტოლდა.

ძნელია ფრანგთა ტრიუმფში ეჭვის შეტანა. ძნელია ბოლოს გავიხსენოთ ნაკრები, რომელმაც პლეი-ოფში ყველა თამაში ძირითად დროში მოიგო. უფრო სწორად გვახსოვს, ეს 2002 წელს, ბრაზილიის ნაკრებმა მოახერხა. დიდიე დეშამის გუნდი იყო პრაგმატული, მაგრამ ამასთან იყო ძალიან დამაჯერებელი და პირდაპირ უნდა ითქვას, კითხვის ნიშანი არ დაუტოვებია.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალში, პირველი ტაიმის შემდეგ კარში ერთი დარტყმა ჰქონდა და 2:1 იგებდა, დამსახურებულად მოიგო და ხორვატიის ნაკრებზე მაღალი დონის გუნდი იყო. საფრანგეთმა მოიგო კლასის ხარჯზე და საფრანგეთი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსით იარსებებს.

რაც მთავარია, ორი წლის წინ, სამშობლოში წაგებული ფინალის შემდეგ დეშამმა სათანადო, სწორი დასკვნები გამოიტანა და “სამფეროვნებმა” დასახულ მიზანს მიაღწიეს. ახლა კი, მოდით, თამაშზეც ვთქვათ:

შეხვედრა ხორვატიის ნაკრების უპირატესობით დაიწყო, ბურთს უმეტესად ფლობდა, ხოლო საფრანგეთი მისთვის ჩვეულად, მეორე ნომრად ირჯებოდა. სახიფათო მომენტები კი არცერთ გუნდს ჰქონიათ, გოლი ისე გავიდა. ანტუან გრიზმანის სტანდარტულის შემდეგ მარიო მანჯუკიჩი შეცდა, რომელმაც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და ანგარიშიც გაიხსნა. ამას თამაშის საერთო სურათი არ შეუცვლია, საფრანგეთი საკუთარ ნახევარზე გამაგრდა, ხოლო ხორვატია სცდილობდა მეტოქის კართან ბედის ძიებას. გოლიდან ზუსტად ათ წუთში მიზანსაც მიაღწია. ივან პერიშიჩმა დიდებულად ითამაშა და უგო ლორისს შანსიც არ ჰქონია. გოლი ლოგიკური იყო, რდგან დროის ამ მონაკვეთში ბალკანელები არაფრით ჩამოუვარდებოდნენ მეტოქეს, თუ არ აღემატებოდნენ. საერთოდ, პირველი ტაიმი ხორვატიამ უკეთ ჩაატარა, მაგრამ მაინც წააგო. 38-ე წუთზე პერიშიჩმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და ნესტორ პიტანამ ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა. თუმცა, ვიეორეფერიმ სიტყვა კიდევ ერთხელ თქვა და თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

მეორე ტაიმი ხორვატებმა ისევ აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში უგო ლორისმა დიდებულად ითამაშა, გოლისგან იხსნა თავისი გუნდი. აი მერე კი, 10 წუთიანი მონაკვეთი ხორვატიამ ჩააგდო, ან პირიქით – საფრანგეთმა აჩვენა საჩემპიონო თამაში. ხსენებულ პერიოდში დეშამის ბიჭებმა ორი გოლი გაიტანეს და თამაშის ბედიც გადაწყდა. ჯერ პოლ პოგბამ, მერე კილიან მბაპემ საჯარიმოს მისადგომებიდან ორჯერ შეარხიეს მეტოქის კარის ბადე. მართალია, მალევე ლორისის ბავშვური შეცდომისა და უყურადღებობის შედეგად მარიო მანჯუკიჩმა შეაგდო, მაგრამ ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლი გამოდგა. სხვათა შორის, მანჯუკიჩი მეხუთე ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელსაც გოლი ჩემპიონთა ლიგის და მუნდიალის ფინალში გაუტანია (პუშკაში, შიბორი, გერდ მიულერი, ზიდანი).

დიდიე დეშამი კი მესამეა მარიო ზაგალოსა და ფრანც ბეკენბაუერის მერე, რომელმაც ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგშიც შეძლო მუნდიალზე გამარჯვება. მოგეხსენებათ, 20 წლის წინ, დიდიე საფრანგეთის კაპიტანი იყო, როდესაც ეს გუნდი პირველად ავიდა საფეხბურთო მწვერვალზე.

საფრანგეთის ნაკრები დამსახურებული ჩემპიონია. ჩემპიონია ხორვატიაც! დიახ, ბალკანელთათვის ვერცხლის მედალიც დიდებული შედეგია და ძნელია ისეთი ადამიანის მოძებნა, ვინც ამ გუნდს ასეთ შედეგს არ დაუფასებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი კი დასრულდა. დასრულდა და დაგვემშვიდობა არა სტანდარტული 4 წლით, არამედ 4.5 წლით. დიახ, მომდევნო მუნდიალი 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარდება. ეს ყველაფერი ყატარში მოხდება და მოკლედ, ყატარამდე!

საფრანგეთი – ხორვატია 4:2 (2:1) VIDEO

მოსკოვი, “ლუჟნიკი”

მაყურებელი: 78 011

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; პოგბა, კანტე (ნზონზი 55), მატუიდი (ტოლისო 73); მბაპე, ჟირუ (ფეკირი 81), გრიზმანი

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ხორვატია (4-2-3-1): შუბაშიჩი; ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პიაცა 81); რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი; რებიჩი (კრამარიჩი 71), მოდრიჩი, პერიშიჩი; მანჯუკიჩი

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (18, ა.გ), 1:1 პერიშიჩი (28), 2:1 გრიზმანი (38, პენ), 3:1 პოგბა (59), 4:1 მბაპე (65), 4:2 მანჯუკიჩი (69)

გაფრთხილება: კანტე (27), ერნანდესი (41) – ვრალისკო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (6) – 15 (3) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

0.760721