ფეხბურთი

20:10 | 14.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატის მესამეადგილოსანია

ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში ინგლისი 2:0 დაამარცხა და ისტორიული შედეგი დააფიქსირა. "წითელი ეშმაკების" საუკეთესო შედეგი აქამდე მეოთხე ადგილი გახლდათ. რობერტო მარტინესის გუნდმა "სამი ლომი" 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორედ დაამარცხა და დაამტკიცა, რომ ინგლისზე გაცილებით ძლიერია.

ბელგია განვლილ შეხვედრაში თავიდანვე დაწინაურდა. მეოთხე წუთზე ნასერ შადლის ჩაწოდების შემდეგ ტომას მუნიემ დენი როუზს დაასწრო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. ამის შემდეგ თამაში ნელ ტემპში გაგრძელდა, ინგლისი ბურთს ფლობდა და ბელგია ცდილობდა კონტრშეტევებით ხიფათის შექმნას.

56-ე წუთზე რომელუ ლუკაკუ კევინ დე ბრუინმა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, თუმცა "მანჩესტერის" თავდამსხმელმა კარგად ვერ დაამუშავა ბურთი და პიკფორდმა დასწრებაზე კარგად ითამაშა. 70-ე წუთზე კი ინგლისს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, როდესაც ერიკ დაიერი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, ბურთის თავზე გადაგდებით ეფექტური გოლის გატანა სცადა, თუმცა ტობი ალდერვეირელდმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

82-ე წუთზე დე ბრუინმა კარგი გადაცემა გაუკეთა ედენ აზარს, რომელიც მცველს გაცდა და პიკფორდს ახლო კუთხეში დარტყმით შანსი არ დაუტოვა. აღნიშნული გოლის შემდეგ ფაქტობრივად გატყდა ინგლისი და რაიმე ღირებული არც გაუკეთებია. საბოლოოდ ბელგიის ფეხბურთელებს ტურნირზე კარგი თამაში დაუფასდათ და შინ ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდებიან.

ბელგია - ინგლისი 2:0 (1:0)

სანკტ-პეტერბურგი, "სანკტ-პეტერბურგი"

ბელგია (3-4-3): კურტუა; ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი; მუნიე, ტილემანსი (დემბელე 78), ვიტსელი, შადლი (ვერმალენი 39); დე ბრუინი, ლუკაკუ (მერტენსი 60), ე. აზარი

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; ჯონსი, სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიერი, ლოფტუს-ჩეკი (ალი 84), დაიერი, დელფი, როუზი (ლინგარდი 46); სტერლინგი (რეშფორდი 46), კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გაფრთხილება: სტოუნსი (52), მაგუაირი (76), ვიტსელი (90+3)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 12(4) - 15(5): ბურთის ფლობა 43%-57%: კუთხურები 4-8: თამაშგარე 1-0:

მსაჯი: ალირეზა ფაგანი (ირანი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედენ აზარი

0.398798