ფეხბურთი

0:46 | 12.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

ხორვატიამ ისტორია დაწერა! (+VIDEO)

ხორვატია – ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან, რომლის მოსახლეობის რაოდენობა ოდნავ აღემატება 4 მილიონს და ეს ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! ეს, არნახულად დიდი წარმატებაა, რომლისთვის ამ ქვეყანას აქამდე არ მიუღწევია. ზუსტად 20 წლის წინ, დავორ შუკერმა და კომპანიამ მესამე ადგილს უწიეს, მაგრამ ახლა, როგორც არ უნდა დასრულდეს ფინალი, ხორვატებმა მიღწევა გააუმჯობესეს.

ზლატკო დალიჩის გუნდმა ნახევარფინალში ინგლისის ნაკრები მეტად დრამატულ და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ბალკანელთა გამარჯვება დამსახურებული იყო, რადგან 120 წუთის განმავლობაში მეტოქეს აჯობა და უკეთეს ფეხბურთს აჩვენებდა.

არადა, ყველაფერი ინგლისელთათვის იდეალური სცენარით დაიწყო და მე-5 წუთზე კირან ტრიპიერმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. სხვათა შორის, ის 1966 წლის შემდეგ გახდა მეორე ინგლისელი, რომელმაც მუნდიალზე ჯარიმა გაიტანა დევიდ ბექჰემის შემდეგ (1998, 2006). საერთოდ, პირველ ტაიმში გარეთ საუთგეიტის გუნდი თამაშს აკონტროლებდა და ხორვატიას შეტევაში არაფერი გამოსდიოდა. მეტიც, ალბიონელებს ჰქონდათ, რამდენიმე მწვავე შეტევა, მაგრამ მეტი გოლი ვეღარ გაიტანეს. აი, მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა და ხორვატიაც გარდაიქმნა.

დალიჩის გუნდი გაცილებით აგრესიული გახდა, ხოლო ინგლისი დაცვაში გამაგრდა და შეცდომების დაშვებას უმატა. შედეგად, გოლი მწიფდებოდა და გავიდა კიდეც: შიმე ვრსალიკოს ჩაწოდების შემდეგ ივან პერიშიჩი გამოფრინდა და ულამაზეს სტილში შეაგდო. პერიშიჩს მსოფლიოს ჩემპიონატებზე 4 გოლი აქვს გატანილი (2 წელს, 2 2014 წელს) და ამ შედეგით თანამემამულეებში მხოლოდ დავორ შუკერს ჩამორჩება. და, ისიც უნდა ვთქვათ, რომ “ინტერის” შემტევი ძალზე აქტიური იყო და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც დამსახურებულად გახდა. მასვე, რამდენიმე წუთში დუბლის შესრულება შეეძლო, უოლკერი მოატყუა ადვილად, დაარტყა და ძელი გადაეღობა. თამაშის სურათი ნატელი იყო – ხორვატიას აშკარად მეტი ენერგია ჰქონდა შემორჩენილი და ინგლისი გაძლებაზე იყო. 109-ე წუთამდე გაძლო კიდეც.

მანამდე იყო ჯონ სტოუნსის თავური, რომელიც კარის ხაზიდან გამოიტანა ვრსალიკომ და მარიო მანჯუკიჩის მომენტი დამატებით დროში, როდესაც პიკფროდმა ითამაშა დიდებულად. საერთოდ, ახლაგაზრდა კიპერმა არაერთხელ იხსნა თავისი გუნდი და უდაოდ საუკეთესო იყო თანაგუნდელთა შორის. 109-ე წუთზე კი, ხორვატიის ნაკრებმა ისტორიული გოლი გაიტანა. გოლი, რომელმაც ეს გუნდი მუნდიალის ფინალში გაიყვანა.

პერიშიჩი თავური პასის შემდეგ ინგლისელთა ინერტული დაცვის შეცდომით მარიო მანჯუკიჩმა დიდებულად ისარგებლა და ახლო მანძილიდან ყველაფერი დაასრულა. სხვათა შორის, ეს გამოდგა ხორვატთან ყველაზე გვიან გატანილი და ინგლისელთა ასევე გვიან გაშვებული გოლი მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ხორვატია ფინალშია და ხორვატია საფრანგეთის ნაკრებზე გაიწევს. იმ საფრანგეთის ნაკრებზე, რომელმაც 20 წლის წინ ნახევარფინალში გადაუღობა გზა. ინგლისი კი მცირე ფინალით თუ დაიმშვიდებს თავს და “სამი ლომის” საჩემპიონო ოცნება მინიმუმ 4 წლით გადაიდო...

ხორვატია – ინგლისი 2:1 დ.დ (0:1) VIDEO

მოსკოვი, “ლუჟნიკი”

მაყურებელი: 78 011

ხორვატია (4-2-3-1): შუბაშიჩი; ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი (პივარიჩი 95); რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი; რებიჩი (კრამარიჩი 101), მოდრიჩი (ბადელი 119), პერიშიჩი; მანჯუკიჩი (ჩორლუკა 115)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი; უოლკერი (ვარდი 112), სტოუნსი, მაგუაირი; ტრიპიე, ლინგარდი, ჰენდერსონი (დაიერი 97), დელე ალი, იანგი (როუზი 91); სტერლინგი (რაშფორდი 74), კეინი

მწვრთნელი: გარეთ საუთგეიტი

გოლები: 0:1 ტრიპიერი (5), 1:1 პერიშიჩი (68), 2:1 მანჯუკიჩი (109)

გაფრთხილება: მანჯუკიჩი (48), რებიჩი (96) – უოლკერი (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 22 (7) – 11 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ივან პერიშიჩი (ხორვატია)

0.120389