შვედეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა ინგლისის ნაკრებთან წაგებული (0:2) მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურიმატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გარეტ საუთგეიტის გუნდს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ტურნირის ტრიუმფატორი გახდეს.
"მჯერა, რომ ინგლისს შეუძლია ტურნირის მოგება. ისინი ძლიერები არიან, კარგად ორგანიზებულნი. ასევე, მინდა მათი მწვრთნელი შევაქო. ინგლისი ძალიან კარგი ნაკრებია და ბოლომდე არ ნებდებიან. მჯერა, მომდევნო თამაშებს სრულყოფილად ჩაატარებენ." - განაცხადა პრესკონფერენციაზე ანდერსონმა.
ინგლისმა ჰარი მაგუაირის და დელე ალის გოლების წყალობით გაიმარჯვა. შვედებსაც ჰქონდათ შანსი მინიმუმ ანგარიშის შემცირების, თუმცა ჯორდან პიკფორდი მოწოდების სიმაღლეზე იყო და სამჯერ რთული ბურთი მოიგერია. სკანდინავიელები ცდილობდნენ 1994 წლის შემდეგ პირველად გასულიყვნენ საუკეთესო ოთხ გუნდს შორის, თუმცა ანდერსონმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა ვერ შეძლო ინგლისელთა დაცვის ხაზის გარღვევა.
"ცუდად საქმე არ წაგვივიდა, რადგან ჩვენ ვხვდებოდით ნამდვილად კარგ მოწინააღმდეგეს და მოწოდების სიმაღლეზე დღეს ვერ ვიყავით. ცოტა მომენტი გვქონდა და რთული იყო პრობლემები შეგვექმნა ისეთი გუნდისთვის, რომელსაც ხუთკაციანი დაცვა ჰყავს." - განაცხადა ანდერსონმა.
ინგლისის ეროვნული ნაკრები 28 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში, სადაც ხორვატიას შეხვდება. მატჩი 11 ივლისს 22:00 საათზე დაიწყება.