ფეხბურთი

0:50 | 7.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვება სანახაობრივ მატჩში - ბელგიამ გამოცდა ჩააბარა

ბელგიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ თაობის აღმასვლაზე დიდი ხანია საუბრობენ და როგორც აღმოჩნდა ეს გუნდი დაღვინდა და წარმატების მისაღწევად უკვე მზადაა. რობერტო მარტინესმა კარგი გუნდი შეკრა და "წითელმა ეშმაკებმა" პირველი უსერიოზულესი გამოცდა ჩააბარეს - მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ბრაზილია 2:1 დაამარცხეს.

ორივე გუნდი რუსეთში პირველ ნომრად თამაშობდა და განვლილ შეხვედრაში ბრაზილიელებმა დაამტკიცეს, რომ ბურთაობა უყვართ და აკონტროლებდნენ კიდევაც ბურთს, თუმცა როდესაც მეტოქეს კევინ დე ბრუინი და ედენ აზარი ჰყავს, როგორ გინდა კონტრშეტევებს გაუმკლავდე.

სამხრეთამერიკელებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს და მეშვიდე წუთზე ტიაგო სილვას ჰქონდა შანსი, მას კუთხურიდან მოწოდებული ბურთი შემთხვევით მიუვიდა და მოულოდნელი დარტყმით ძელს მოხვდა ბურთი. ვერ გაიტანა ბრაზილიამ და დაისაჯა: მე-13 წუთზე კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ფერნანდინიოს მოხვდა და საკუთარ კარში ჩაჭრა.

მე-20 წუთზე კოუტინიო სცადა შორიდან დარტყმა და კურტუამ აიღო, ხოლო 25-ე წუთზე მარსელომ შორიდან დაარტყა და კურტუა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო. ბრაზილია გაერთო შეტევებში და კონტრშეტევაზე ლუკაკუმ ჩინებულად ითამაშა, ცენტრიდან რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიშორა და მარჯვენა ფლანგისკენ დე ბრუინი მონახა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ალისონს შანსი არ დაუტოვა - 2:0.

მეორე ნახევარში კი ფაქტობრივად ბრაზილიას ჰქონდა ბურთი და ბელგია კონტრშეტევებზე ცდილობდა ხიფათის შექმნას, რაც აშკარად გამოსდიოდა. 55-ე წუთზე საჯარიმოში კომპანის და ჟესუსის კონტაქტის შემდეგ ბრაზილიელი წაიქცა, თუმცა ვიდეორეფერის მეშვეობით მთავარმა არბიტრმა თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა და პენალტი არ დაინიშნა.

ბრაზილია აქტიურად უტევდა, თუმცა მათ ლიდერებს არაფერი გამოსდიოდათ. სამაგიეროდ ბელგიას ჰქონდა შანსი მინიმუმ 25 წუთით ადრე ფაქტობრივად დაესრულებინა შეხვედრა, როდესაც აზარის ჰქონდა შანსი ლუკაკუსთვის საჯარიმოში გადაცემა გაეკეთებინა და ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით ანგარიშს გაზრდიდა, თუმცა "მანჩესტერის" ფეხბურთელს ბურთი არ მიუვიდა.

73-ე წუთზე ბრაზილიელთა თავკაცმა შეცვლა გამოიცნოდა პაულინიოს ნაცვლად რენატუ აუგუსტო გამოიყვანა, რომელმაც სამ წუთში ფილიპე კოუტინიოს საჯარიმოში გაკეთებული გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში შეამცირა. ხუთ წუთში კი ისევ აუგუსტოს ჰქონდა ჩინებული შანსი, საჯარიმოს მისადგომებთან ცენტრში მიიღო ბურთო, მას არავინ უშლიდა ხელს, თუმცა კარს ააცილა.

კარგად თამაშობდა ტიბო კურტუა, რომელმაც ცხრა სეივი შემოგვთავაზა და აშკარად რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი. ბოლო წუთებზე ნეიმარის დარტყმული ლამაზი ტრაექტორიით წავიდა კარში და ასევე ლამაზი ნახტომით მოიგერია "ჩელსის" გოლკიპერმა.

საბოლოოდ, ბევრი იაქტიურა ბრაზილიამ, თუმცა ბელგიამ ტაქტიკურად აშკარად დაჯაბნა მეტოქე და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. სამხრეთამერიკელებზე კი უნდა ითქვას, რომ ღირსეულად გამოეთიშა ტურნირს და ოთხი წელი მოუწევს ამ გუნდს მოცდა. სხვათაშორის, ბრაზილია ბოლო ოთხ ჩემპიონატზე ევროპულმა გუნდებმა გამოთიშეს ასპარეზს. ბელგიელებმა კი გუნდურობა დაამტკიცეს და რუსეთში "წითელი ეშმაკების" უკვე ცხრა ფეხბურთელს აქვს გოლი გატანილი.

ბელგია ნახევარფინალში საფრანგეთს შეხვდება, რომელმაც ურუგვაი უპრობლემოდ 2:0 დაამარცხა. მატჩი 10 ივლისს სანკტ-პეტერბურგში 22:00 საათზე დაიწყება.

ბრაზილია - ბელგია 1:2 (0:2)

ყაზანი, "ყაზან არენა"

ბრაზილია (4-2-3-1): ალისონი, სილვა, მირანდა, მარსელო, ფაგნერი, კოუტინიო, პაულინიო (აუგუსტო 76), ფერნანდინიო, ვილიანი (ფირმინო 46), ნეიმარი, ჟესუსი (კოშტა 58)

მწვრთნელი: ტიტე

ბელგია (3-4-3): კურტუა, ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი, მუნიე, ვიტსელი, ფელაინი, ჩადლი (ვერმაელენი 83), დე ბრუინი, აზარი, ლუკაკუ (ტილემანსი 87)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლი: 0:1 ფერნანდინიო (ავტოგოლი, 13), 0:2 დე ბრუინი (31), 1:2 აუგუსტო (76)

გაფრთხილება: ალდერვეირელდი (47), მუნიე (71), ფერნანდინიო (85), ფაგნერი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 26(9) - 8(3): ბურთის ფლობა 57%-43%: კუთხურები 8-4: თამაშგარე 1-0:

მსაჯი: მილორად მაზიჩი

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კევინ დე ბრუინი

0.16496