გიორგი არაბიძემ დონეცკის "შახტარი" დატოვა და კარიერა პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბინადარ "ნასიონალში" გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური გუნდის ვებგევრდი იტყობინება, ქართველ შემტევთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ გახმაურებულა. ამრიგად, არაბიძემ "შახტარი", რომლის ღირსებას 2015 წლიდან იცავდა უკვალოდ დატოვა. ჩვენებურს ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობას დონბასელთა მთავარი მწვრთნელი არ აძლევდა და ძირითადად მეორე გუნდში უწევდა თამაში.
რაც შეეხება "ნასიონალს", გასული სეზონი ქვედა ლიგაში გაატარა, რომელიც 71 ქულით მოიგო და შესაბამისად, ახალი სეზონიდან მთავარ ლიგაში ითამაშებს. გუნდის მთავარი მწვრთნელი კოშტინიაა, რომელიც თავის დროზე პორტუგალიის ნაკრებისა და "პორტუს" ნახევარდაცვის შეუცვლელი ფიგურა იყო. საინტერესოა, რომ "ნასიონალის" აკადემიაში 1995-1997 წლებში კრიშტიანუ რონალდუ იმყოფებოდა.
არაბიძე პრიმეირა ლიგაში მესამე ქართველი იქნება. დამდეგ სეზონში ამავე ლიგაში გიორგი მაკარიძე და ავთო ებრალიძეც ითამაშებენ.