ტურინის “იუვენტუსისა” კრიშტიანუ რონალდუს გადაბირებას როგორც ჩანს, ნამდვილად აპირებს. ამჯერად, მადრიდული Marca ახალ ცნობებს ავრცელებს. ავტორიტეტული ეპანური გამოცემის ინფორმაციით, “იუვენტუსმა” 33 წლის პორტუგალიელს უკვე შესთავაზა კონტრაქტი – 4 წელიწადში 120 მილიონი ევრო. საინტერესოა, რომ ინფორმაციას მთავარი პორტუგალიური გამოცემა A Bola-ც ადასტურებს.
“ბებერი ქალბატონი” მზადაა კრიშტიანუს ხელშეკრულება 2022 წლამდე გაიფორმოს და სეზონში 30 მილიონი ევრო გადაუხადოს.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ, “იუვენტუსის” მფლობელი ჯონ ელკანი რონალდუს აგენტ ჟორჟე მენდეშს ტურინში შეხვდა და სწორედ პორტუგალიელის პიემონტის დედაქალაქში გადაბარგებაზე ესაუბრა. ისიც საგულისხმოა, რომ მენდეშსა და “იუვენტუსის” ბოსებს შორის კარგი ურთიერთობაა და 1 კვირის წინ, ტურინელებმა მისი კიდევ ერთი კლიენტი, ჟოაო კანსელო ოფიციალურად გაიფორმეს.
ჯერჯერობით უცნობია რა განვითარება ექნება აღნიშნულ სატრანსფერო საგას, მაგრამ რონალდუს “რეალიდან” შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ხმები დღითიდღე იმატებს.