ფეხბურთი

0:05 | 1.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კავანის სუპერ მატჩი - ურუგვაი მეოთხედფინალშია

ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალია 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. მთელი შეხვედრის განმავლობაში ევროპის ჩემპიონმა ბევრი იაქტიურა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ურუგვაის მატჩი კონტრშეტევებზე უფრო ჰქონდა აგებული და თავის დაცვაც ძალიან კარგად გამოსდიოდა.

მეექვსე წუთზე რონალდუმ სუსტად დაარტყა საჯარიმოს მისადგომებიდან და მუსლერას ბურთის აღება არ გაუჭირდა. კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა პორტუგალიამ და მეტოქემ დასაჯა - ერთ წუთში მარჯვენა ფლანგიდან კავანიმ ბურთი საპირისპირო ფლანგზე გადაიტანა, სადაც სუარესმა მიიღო, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმოში ჩააწოდა და კავანიმ მართალი თავით ვერ ითამაშა, თუმცა მხარით გაიტანა.

მე-20 წუთზე ჟოზე ფონტემ სუარესი წააქცია საჯარიმოსთან ახლოს. სტანდარტული დარტყმა კი თავად "ბარსელონას" თავდამსხმელმა შეასრულა, ბურთი დაბალი ტრაექტორიით გაუშვა და რუი პატრისიუმ ძლივს მოიგერია.

პირველი ტაიმისგან განსხვავებით მეორე ნახევარი ურუგვაიმ უფრო ნელ ტემპში ჩაატარა. 55-ე წუთზე კუთხური პორტუგალიელებმა ახლოშივე გაითამაშეს და რაფაელ გერეირომ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ურუგვაელებმა უმეთვალყურეოდ დატოვეს პეპე, რომელმაც თავური დარტყმით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.

პეპეს გოლის შემდეგ პორტუგალიამ კვლავ გააგრძელა შეტევები, თუმცა მოულოდნელად კვლავ ჩამორჩა. 62-ე წუთზე ფერნანდო მუსლერამ წინ ძლიერად მოიგერია, სადაც ბურთი როდრიგო ბენტანკურმა მიიღო და შეტევის მარცხენა ფლანგზე მყოფ კავანის გადაცემა გაუკეთა, პსჟ-ს თავდამსხმელმა კი ერთი შეხებით, შორეულ კუთხეში მოჭრილი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

კავანის მეორე გოლის შემდეგ კვლავ გააგრძელა პორტუგალიამ შეტევა, თუმცა ერთადერთი ღირებული შანსი 69-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც მუსლერა დასწრებაზე თამაშობდა, თუმცა ბურთი ვერ შეიმაგრა და ბერნარდო სილვას მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ცარიელ კარში ვერ შეძლო გოლი გატანა. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში ედინსონ კავანი ფეხის ტრავმის გამო შეცვალეს და ურუგვაიმ დიდი დანაკლისი მიიღო. ევროპელები ცდილობდნენ ფლანგებიდან შეეტიათ და საჯარიმოში ბურთის ჩაგდებით რამე გამოსვლოდათ, თუმცა ამაოდ. არც კრიშტიანუ რონალდუს წაუვიდა თამაში, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი ცდილობდა ყველანაირად ცდილობდა შორიდან კარში დარტყმას, თუმცა თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

საბოლოოდ, პსჟ-ს თავდამსხმელი ჩინებულმა თამაშმა ურუგვაი მეოთხედფინალში გაიყვანა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა ხარისხის დაზიანება აქვს ედინსონს, რომელიც ლუის სუარესთან ერთად სამხრეთამერიკელთა მთავარი კოზირია. საფრანგეთის და ურუგვაის დაპირისპირება კი 6 ივლისს ნიჟნი ნოვგოროდში 18:00 საათზე დაიწყება.

ურუგვაი - პორტუგალია 2:1 (1:0)

სოჭი, "ფიშტი"

ურუგვაი (4-4-2): მუსლერა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი, ბენტანკური (როდრიგესი 63), ნანდესი (სანჩესი 81), ტორეირა, ვესინო, ლაქსალტი, კავანი (სტუანი 74), სუარესი

მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი

პორტუგალია (4-4-2): პატრისიუ, პეპე, გერეირო, ფონტე, რიკარდო, ადრიენ სილვა (კუარეჟმა 65), ბერნარდო სილვა, ვილიამ კარვალიო, (ფერნანდეში 84) გუედეში (ანდრე სილვა 74), რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

გოლი: 1:0 კავანი (7), 1:1 პეპე (55), 2:1 კავანი (62)

გაფრთხილება: რონალდუ (90+3)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 6(3) - 20(5): ბურთის ფლობა 39%-61%: კუთხურები 2-10: თამაშგარე 0-1:

მსაჯი: სესარ რამოსი (მექსიკა)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედინსონ კავანი

0.273139