საფრანგეთი - არგენტინის მატჩის დასრულების შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს: ურუგვაი – პორტუგალია.
ურუგვაის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე დამაჯერებლად იასპარეზა და ერთ-ერთია იმ სამი ნაკრებიდან, რომელმაც პლეი-ოფში ქულათა მაქსიმუმით გააღწია და საერთოდ, ერთადერთია, რომელსაც ჯერჯერობით გოლი არ გაუშვია. ფორმაში არიან ლუის სუარესი და ედინსონ კავანი, რომლებმაც უკვე მოახერხეს თავის გამოჩენა. სხვათა შორის, ურუგვაის ნაკრებს გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული თამაში არ წაუგია.
თავის მხრივ, პორტუგალია მძიმედ ასპარეზობს. ფერნანდუ სანტუშის გუნდი როგორც ორი წლის წინ, ახლაც ფეერიულად არ თამაშობს და ირანთან მარცხს ბოლო წამებზე გადაურჩა. სამაგიეროდ, ჩინებულად თამაშობს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც კარგ ფორმაშია და 4 გოლით ტურნირის ბომბარდირთა დავაშია ჩართული. ვნახოთ, თუ მოახერხებს კრიშტიანუ ურუგვაელთა ხელუხლებელი კარის აღებას.
ისტორია
ურუგვაისა და პორტუგალიის ნაკრებები დღეს პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ოფიციალური მატჩის სტატუსით. ისე კი, ისტორიას ორი ამხანაგური ახსოვს, თუმცა ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში.
1966 წლის 26 ივნისს, ლუზიტანელებმა 3:0 მოიგეს, ხოლო 1972 წლის 2 ივლისს, ფრ დაფიქსირდა – 1:1.
გაყვითლებული ფეხბურთელები
ურუგვაის ნაკრების ნახევარმცველი როდრიგო ბენტანკური ყვითელ ბარათს თუ მიიღებს, მეოთხედფინალში ვერ ითამაშებს. თავის მხრივ, პორტუგალიელთა რიგებში ამ მხრივ უფრო მძიმე სიტუაციაა, რადგან იგივე საშიშროების წინაშე ბრუნო ფერნანდეში, ადრიენ სილვა, რაფაელ გერეირო, რიკარდო კვარეჟმა, კრიშტიანუ რონალდუ და სედრიკ სოარეში დგანან.
სტატისტიკა
ურუგვაი
ურუგვაის ნაკრებს შანსი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ 4 თამაში ისტორიაში მეორედ მოიგოს. პირველად ეს 1930 წელს გააკეთა, როდესაც ჩემპიონი გახდა.
რუსეთთან შეხვედრაში ფერნანდო მუსლერამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-14 თამაში ჩაატარა და ურუგვაის ნაკრების რეკორდსმენი გახდა. 13-13 მატჩი აქვთ მუნდიალზე ჩატარებული ლადისლაო მაზურკიევიჩსა და ედინსონ კავანის.
ოსკარ ტაბარესი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, რომელიც პლეი-ოფში გასულ გუნდს გაუძღვება (71 წელი და 119 დღე). აქამდე, რეკორდსმენი ჩეზარე მალდინი იყო, რომელმაც პარაგვაი 2002 წელს, 70 წლისა და 130 დღის ასაკში გაიყვანა გერმანიასთან სათამაშოდ (0:1).
პორტუგალია
კრიშტიანუ რონალდუს ერთი მატჩი აშორებს ბასტიან შვაინშტაიგერთან, რომელსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე 38-ჯერ უთამაშია. კრიშტიანუ ამჟამად მიროსლავ კლოზესთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს (37 თამაში).
პორტუგალიის ნაკრებს ერთადერთი თამაში აქვს წაგებული მას შემდეგ, რაც ფერნანდუ სანტუში უდგას სათავეში (32 მატჩი, 23 მოგება, 8 ფრე, 1 წაგება). ეს, ერთადერთი წაგება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის ნაკრებთან განიცადა ბაზელში, 2016 წლის 6 სექტემბერს (0:2).
მხოლოდ ეუსებიოს აქვს მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე კრიშტიანუ რონალდუზე მეტი გოლი გატანილი. ეუსებიომ 9 გოლი 1966 წლის მუნდიალზე შეაგდო, ხოლო რონალდუს ანგარიშზე ამჟამად 7 გოლია. ამასთან, ეუსებიო ერთადერთი პორტუგალიელია, რომელმაც მუნდიალის “ოქროს ბუცი” მოიგო.
იცით თუ არა რომ...
მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ურუგვაი 1/8 ფინალში ევროპულ ნაკრებს მეორედ დაუპირისპირდება. აქამდე, ერთადერთი შემთხვევა 1990 წელს დაფიქსირდა, როდესაც “სელესტე” მასპინძელ იტალიას გადაეყარა და 0:2 დამარცხდა. საინტერესოა, რომ ურუგვაის მაშინაც ოსკარ ტაბარესი წვრთნიდა.
სავარაუდო შემადგენლობა
სოჭი, 22:00 საათი
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა; კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ლაქსალტი; ნანდესი, ვესინო, ბენტანკური, ტორეირა; სუარესი, კავანი
პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიუ; სედრიკი, პეპე, ჟოზე ფონტე, გერეირო; კვარეჟმა, კავრალიო, ადრიენ სილვა, ჟოაუ მარიუ; გედეში, რონალდუ
მსაჯი: სესარ რამოსი (მექსიკა)
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვფიქრობ, რონალდუ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მას პატარა მომენტიც ჰყოფნის. თუმცა, პორტუგალია მხოლოდ რონალდუსგან არ შედგება. ურუგვაის ნაკრებმა უკვე დაამტკიცა, რომ არავის ეშინია. ჩვენ ჯგუფში სამივე თამაში მოვიგეთ, გოლი არ გაგვიშვია და საუკეთესო ფორმასთან ახლოს ვართ, თუმცა ეს მაქსიმუმი არაა. მეტოქეს პატივს ვცემთ, მოედანზე 9 ევროპის ჩემპიონი იქნება, მაგრამ ჩვენ გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ”.
ფერნანდუ სანტუში (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ურუგვაი ძლიერი გუნდია, რომელსაც ტაბარესი 12 წელია წვრთნის. მან იცის, რა სურს ფეხბურთელებისგან. ორივე გუნდისთვის ძალიან რთული თამაში იქნება, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ჩაკეტილი მატჩი გამოვა. მე დარწმუნებული ვარ ჩემი ფეხბურთელების შესაძლებლობებში და მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე პორტუგალია გავა”.