მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე დაემშვიდობა სენეგალის ნაკრები – ზედმეტი ყვითელი ბარათების გამო. “ტერანგელი ლომების” მთავარი მწვრთნელი ალიუ სისე გახლდათ, რომელიც მუნდიალზე მყოფ 32 კოლეგისგან გამოირჩეოდა.
სისე ყველაზე დაბალანაზღაურებადი და ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტი იყო მთელ ჩემპიონატზე. ამასთან, ერთადერთი ფერადკანიანი მთავარი მწვრთნელიც. 42 წლის ალიუ 2002 წელს, იმ სენეგალის ნაკრებს კაპიტნობდა, რომელმაც ქვეყნის ისტორია დაწერა და სადებიუტო მუნდიალზე ფურორი მოახდინა.
მაშინ, “ტერანგელი ლომები” მეოთხედფინალამდე მივიდნენ და მხოლოდ დამატებით დროში წააგეს თურქეთის ნაკრებთან. ყველაფერი კი, საფრანგეთის ნაკრების ძლევით დაიწყო, რომელიც იმ დროს მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი იყო და ბუნებრივია, ამ სენსაციამ მთელი მსოფლიოს აალაპარაკა.
თუმცა, სისეს დაუვიწყარი საფეხბურთო წარმატებიდან ძალიან მალე უდიდესი ცხოვრებისეული ტრაგედია ელოდა. ალიუ 1976 წლის 24 მარტს, სენეგალის ქალაქ ზიგინშორში დაიბადა. სწორედ ამ ქალაქიდან 2002 წლის 26 სექტემბერს, დედაქალაქ დაკარის მიმართულებით გემი გაემგზავრა, რომელიც გამბიის საზღვაო სივრცეში ჩაიძირა.
ლე ჯოლას ტრაგედია საზღვაო კატასტროფებს შორის მესამე ადგილზე იმყოფება. დღემდე დაუდგენელია ტრაგედიის რეალური მიზეზი და არაოფიციალური ცნობებით, ამ კატასტროფას 1900-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის, 12 ადამიანი ალიუ სისეს ოჯახის წევრი იყო...
იმავე წელს, სისეს ინიციატივით ჩატარდა საქველმოქმედო მატჩი სენეგალისა და ნიგერიის ნაკრებებს შორის, რისი წყალობითაც 1000-ზე მეტ დაზარალებულ ოჯახს გაეწია დახმარება. გარდა ამისა, სისეს მაშინდელმა კლუბმა “ბირმინგემ სიტიმ” “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრის დროს შემოსული თანხა მთლიანად დაზარალებულთა ფონდში გადარიცხა, ხოლო სისეს პატივსაცემად ქომაგებმა თამაშის მიმდინარეობისას სენეგალის გიგანტური დროშაც გამოსახეს ტრიბუნებზე. ალიუ სისე - სენეგალის ღირსეული შვილი...