საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მორიგი მარცხი განიცადა.
“სპორტის სასახლეში” გამართულ მატჩში სტუმართა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და შეიძლება ითქვას, გამარჯვებული უკვე პირველი ტაიმის შემდეგ ცნობილი იყო. ამის მიზეზი კი, ორ მეოთხედში ილიას ზუროსის გუნდის მეტად სუსტი თამაში გახლდათ. ქართველი კალათბურთელები ვერც დაცვაში თამაშობდნენ მაღალ დონეზე, მაგრამ განსაკუთრებით კრიტიკას ვერ გაუძლო მათმა მოქმედებამ შეტევაში. ეს ციფრებიდანაც კარგად ჩანს: 18 ქულა 20 წუთში!
ასეთი შედეგი თანამედროვე კალათბურთში ფაქტობრივადა ავტომატურად ნიშნავს მარცხს... რას იზამ, საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ეტაპის მეხუთე მატჩი წინა შეხვედრისგან განსხვავებით უფრო გაძლიერებული შემადგენლობით ჩაატარა, რადგან გუნდს თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე და გიორგი ცინცაძე დაუბრუნდნენ, თუმცა პირველად არ იყო პარკეტზე მაიკლ დიქსონი. ერთი თამაშით არავის შეფასება ლოგიკური არაა, მაგრამ დიქსონის შეცვლა ამ შეხვედრაში ახალწვეულმა ტადუს მაკფადენმა ვერ შეძლო. ეს, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალიზებული ამერიკელი ყველაზე შედეგიანი იყო ჩვენი გუნდის რიგებში. წაგება ალბათ, იმანაც განაპირობა, რომ თამაში არ წაუვიდა სხვა კალათბურთელებს, მათ შორის თორნიკე შენგელიასაც.
პირველ ტაიმზე ვამბობდით და, საქართველოს ნაკრებს საშინელი მონაკვეთი ჰქონდა პირველი მეოთხედის მიწურულიდან მეორე პერიოდის ლამის ბოლომდე. თამაშის სასტარტო მეოთხედის დასრულებამდე 03:36 წუთი რჩებოდა, როდესაც კაფადენმა მოათავსა ბურთი მეტოქის კალათში და აქედან მოყოლებული ზუროსის გუნდმა ქულა მთელი 9 წუთის(!) განმავლობაში ვერ აიღო. უქულო, საშინელი პერიოდი თორნიკე შენგელიას ზუსტი სროლით ოდენ მეორე პერიოდის დასრულებამდე 04:36 წუთით ადრე დასრულდა. ბუნებრივია, ეს 9-წუთიანი მონაკვეთი სერბეთმა ჩინებულად გამოიყენა და კომფორტული უპირატესობა შეიქმნა. სტუმრები დიდ შესვენებაზე 19-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ – 18:37.
ბუნებრივია, მეორე ტაიმში ასეთი სხვაობის აღმოფხვრა სერბეთის დარ გუნდთან კი არა, გაცილებით სუსტთანაც გაჭირდებოდა და გაჭირდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა მესამე პერიოდში ზუსტად იმდენი ქულა ჩააგდეს, რამდენიც მთლიანად პირველ ტაიმში, ეს მეოთხედიც ვერ მოიგეს. შედეგად სხვობა კიდევ უფრო დიდი გახდა დასკვნითი მეოთხედის წინ.
ჩამორჩენა არც ბოლო ათწუთეულში შემცირებულა – სერბეთი განაგრძობდა დომინირებას, კლასში სხვაობა უდიდესი იყო. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან 37 ქულით წააგო – 50:87...
ილიას ზუროსის გუნდის რიგებში ათქულიან ზღავრს ორადორი მოთამაშე გადასცდა – ტად მაკფადენი (18 ქულა) და თორნიკე შენგელია (13 ქულა). სერბთა რიგებში კი დეიან ტოდოროვიჩი (24 ქულა), დრაგან მილოსავლიევიჩი (15 ქულა) და ბობან მარიანოვიჩი (13 ქულა) გამოირჩნენ.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ნაკრებში დღეს დებიუტი მაკფადენის გარდა, რატი ანდრონიკაშვილსა და სანდრო მამუკელაშვილსაც ჰქონდა, რომელიც პარკეტზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.
ჩვენს ჯგუფში დღეს კიდევ ერთი მატჩია, გერმანია ავსტრიის ნაკრებს უმასპინძლებს. საქართველოს კი, 5 ტურის თავზე 1 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზეა.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურის მატჩს ისევ თბილისში, ავსტრიის ნაკრებთან ჩაატარებს. აღნიშნული შეხვედრა 2 ივლისს, “სპორტის სასახლეში” 19:00 საათიდან დაიწყება. თუ ქართველი კალათბურთელები ამ შეხვედრას არ წააგებენ, შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გუნდებს ბოლოადგილოსანთან ქულები არ უნდა გადაჰყოლოდათ, მაგრამ ბოლო ცნობებით, ფიბამ წესებში კორექტირება შეიტანა. ჯერჯერობით, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბოლოადგილოსანთან გამარჯვებებიც ფასობს, მაგრამ რამდენად აქვს ამას საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელიბა, ამაზე მსჯელობა რთულია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეორე ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ფინალური ეტაპზე მოხვედრა თითქმის ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება...
საქართველო – სერბეთი 50:87 (11:18, 8:19, 18:23, 14:27)