როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს ჩემპიონატის H ჯგუფი დაძაბული გამოდგა და ყველაფერი ბოლო ტურში, ბოლო წუთებზე გაირკვა. საბოლოოდ, ისტორიაც დაიწერა – საქმე ისაა, რომ იაპონიის ნაკრები მერვედფინალში უფრო ნაკლები ყვითელი ბარათების წყალობით, ანუ, ფეირ-პლეის წყალობით გავიდა. ასეთი რამ მუნდიალის ისტორიაში პირველად მოხდა.
ბოლოს ისე გამოვიდა, რომ იაპონიისა და სენეგალის ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპი აბსოლუტურად იდენტური მაჩვენებლებით დაასრულეს: 4-4 ქულა, 4-4 გატანილ-გაშვებული გოლები და ფრე, 2:2 პირად შეხვედრაში. შედეგად, ფიფას წესების თანახმად, საქმეში ყვითელი ბარათები ჩაერთო. აზიელები ჯგუფურ ეტაპზე 4-ჯერ, ხოლო აფრიკელები 6-ჯერ გააფრთხილეს და შესაბამისად, პლეი-ოფის საგზური იაპონიას ერგო. ოფიციალურად კი, ფეირ-პლეის უკეთესი რეიტინგის გამო...
რას ნიშნავს ფეირ-პლეი? – ფეირ პლეი სამართლიანი თამაშის პრინციპია და ამასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია იაპონიის ნაკრებს!
სენეგალმა იერი მინასგან გოლი 74-ე წუთზე გაუშვა და როცა ეს ამბავი აზიელებმა გაიგეს, ფეხბურთის თამაშს თავი დაანებს. რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი ეშმაკური ხერხია და აქამდე არაერთ გუნდს გაუკეთებია, მაგრამ აქ მაინც სხვა შემთხვევასთან გვქონდა საქმე.
მოდით, ყველა შევთანხმდეთ, რომ ზოგადად მსგავსი ფაქტი ფეირ-პლეის პრინციპებს კატეგორიულად ემიჯნება და იაპონიამ სწორედ ეს გზა აირჩია. ამ დროს კი, “სამურაი” მერვედფინალში სწორედ ფეირ-პლეის წყალობით გავიდა... უცნაურია, მაგრამ ასეა.
განსაკუთრებით აუტანელი მატჩის ბოლო წუთები გახდა და ტრიბუნაზე მყოფ ქომაგს სტვენა საფინალო სასტვენამდე არ შეუწყვეტია. 88:30 წუთიდან მსაჯის დამატებულ 3 წუთის ჩათვლით იაპონიის ნაკრები ბურთს საკუთარ ნახევარზე ათამაშებდა და ამ დროს მეტოქის ნახევარზე არც გადასულა. ამ ფაქტს დიდად არც პოლონელები შეუწუხებია. ადამ ნავალკა თამაშში იაკუბ ბლაშჩიკოვსკის ჩართვას სცდილობდა, მაგრამ გამოცდილი პოლონელი 3 წუთზე დიდი ხანი ელოდა მოედნის კიდესთან, რომ თამაში შეჩერდებოდა და მინდორზე შევიდოდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ადარდებდათ იაპონიის ნაკრების ფეხბურთელებსა და არც მის თანაგუნდელებს. თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე გროსიჩკი მინდორზე დაეცა და აზიელთა კაპიტანმა მაკოტო ჰასებემ ბურთი გადააგდო. ალბათ, ცვლილების მიზნით, მაგრამ მსაჯი კარგად ხვდებოდა მინდორზე შექმნილ ვითარებას და თამაში იქვე დაასრულა. მოკლედ, იაპონიის გეგმამ, სრულად ყოფილიყო დამოკიდებული კოლუმბიის ნაკრებზე გაჭრა და სენეგალი ცოტა არ იყოს, დაიჩაგრა კიდეც.
მოკლედ, ეს ნამდვილად იყო მიმდინარე მუნდიალის სირცხვილი და კიდევ უფრო დიდი სირცხვილია ის, წლების შემდეგ, როდესაც გაიხსენებენ, იტყვიან, რომ იაპონია ჯგუფიდან სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვით გავიდა. არადა, ასე არ ყოფილა და იაპონიის ნაკრებმა ფეირ-პლეის პრინციპი მკაცრად დაარღვია...