მსოფლიოს ჩემპიონატზე დღის ცენტრალური მატჩი D ჯგუფში შედგება, სადაც არგენტინის ნაკრები ბედი წყდება. გააგრძელებს თუ არა, “ალბისელესტე” მუნდიალზე ასპარეზობას, ამას ცოტა ხანში გავიგებთ. იქამდე კი, მისი მეტოქე ნიგერიის ნაკრებია. გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს და გუნდი, რომელიც უნდა დაამარცხოს.
თავის მხრივ, “სუპერ არწივებსაც” აქვთ ჯგუფიდან გასვლის შანსი და ამისთვის ფრეც ეყოფათ. მოკლედ, ძალიან მაგარი აფიშა აქვს აღნიშნულ შეხვედრას.
იქამდე კი, ისტორიაში შევიხედოთ: ფაქტობრივად, მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინა – ნიგერიის დაპირიპისრების გარეშე არ არსებობს. თავად განსაჯეთ, ნიგერია მუნდიალის ფინალურ ეტაპზე პირველად 1994 წელს მოხვდა და იქედან მოყოლებული არგენტინას თითქმის ყოველთვის ხვდება. გამონაკლისი ორჯერ იყო: 1998 წელს, როცა ორივე გუნდი გახლდათ ტურნირის მონაწილე, მაგრამ რაც უნდა უცნაური იყოს, მათი გზები არ გადაკვეთილა, ხოლო 2006 წელს, ნიგერია 32 კვალიფიცირებულ მონაწილეში არ ყოფილა.
აი, დანარჩენ შემთხვევებში, 1994, 2002, 2010 და 2014 წლებში ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ (ისევე, როგორც ახლა). ოთხივე მატჩი არგენტინამ მოიგო, თუმცა ოთხივეში გვარიანი ოფლის ღვრა მოუწია. ნიგერიამ კი, მეტოქე ორჯერ დაამარცხა და ორჯერვე ამხანაგურად. თუმცა, დასამახსოვრებლადაც: ჯერ 4:1 გაანადგურა, მერე (სულ ბოლო შეხვედრა) 0:2-დან 4:2 სძლია მრისხანე მეტოქეს.
1994 წელი, 25 ივნისი, ბოსტონი. არგენტინა – ნიგერია 2:1
ამ გუნდთა გზა პირველად 1994 წლის მუნდიალზე, ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. “ფოქსბოროზე” ნიგერია სამსონ სიასიას გოლით უკვე მერვე წუთზე დაწინაურდა. თუმცა, “ალბისელესტემ” ვითარება მალევე გამოასწორა და პირველივე ტაიმში კლაუდიო კანიჯამ დუბლი გაიფორმა. მეორე ნახევარში კი არაფერი შეცვლილა.
1995 წელი, 10 იანვარი, ერ რიადი. ნიგერია – არგენტინა 0:0
მეორე მატჩი უკვე 1995 წლის 10 იანვარს, კონფედერაციათა თასზე შედგა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში გოლი არ გასულა.
2002 წელი, 2 ივნისი, იბარაკი, არგენტინა – ნიგერია 1:0
2002 წლის მუნდიალი გუნდებმა ერთმანეთთან დაპირისპირებით დაიწყეს. მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც 63-ე წუთზე გაბრიელ ომარ ბატისუტუმა გაიტანა. საბოლოოდ, ვითარება ისე წარიმართა, რომ ორივე გუნდი ჯგუფში ჩარჩა.
2010 წელი, 12 ივნისი, იოჰანესბურგი, არგენტინა – ნიგერია 1:0
2010 წლის მუნდიალსაც არ ჩაუვლია არგენტინულ-ნიგერიული ჯახის გარეშე. დიეგო მარადონას გუნდმა სამხრეთ აფრიკაშიც სძლია მეტოქეს და კვლავ მინიმალური სხვაობით. ერთადერთი გოლი გაბრიელ ჰაინცემ მეექვსე წუთზე გაიტანა.
2011 წელი, 1 ივნისი, აბუჯა, ნიგერია – არგენტინა 4:1
ნიგერიის ნაკრებმა არგენტინა პირველად საკუთარ დედაქალაქში, ამხანაგური ხასიათის მატჩში დაამარცხა. თუმცა, ანგარიშს ნაკლებად ეთქმოდა ამხანაგური 4:1. კალუ უჩემ დუბლი შეასრულა, ხოლო თითოჯერ ვიქტორ ობინამ და ემანუელ ემენიკემ გაიტანეს. არგენტინელებმა პრესტიჟის გოლი ბოლო წუთზე გაიტანეს და ის მაურო ბოსელის აქტივში ჩაიწერა.
2011 წელი, 6 სექტემბერი, დაკა, არგენტინა – ნიგერია 3:1
არგენტინამ რევანში ზუსტად სამ თვეში აიღო და “სუპერ არწივები” ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა – 3:1. ერთი გოლი ეჩიეჯიემ საკუთარ კარში გაიტანა, ხოლო გონსალო იგუაინსა და ანხელ დი მარიას არაფერი შეშლიათ. აფრიკელთაგან თავი ობასიმ გამოიჩინა.
2014 წელი, 25 ივნისი, პორტუ ალეგრი, ნიგერია – არგენტინა 2:3
ოთხი წლის წინაც ნიგერიელები და არგენტინელები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ ქვეჯგუფში იყვნენ. გამარჯვება ისევ არგენტინას დარჩა – 3:2. ლიონელ მესიმ მე-3 წუთზე გახსნა ანგარიში, თუმცა ნიგერიამ ერთ წუთში აჰმედ მუსას მეშვეობით გაათანაბრა. ტაიმის ბოლო წუთზე მესიმ დუბლი შეასრულა. ლეოს მუსა არ ჩამორჩა და მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაქვითა მეორე გოლი. გამარჯვება არგენტინას მარკოს როხოს გოლმა მოუტანა, რომელმაც 50ე წუთზე იხეირა.
2017 წელი, 14 ნოემბერი, კრასნოდარი, არგენტინა – ნიგერია 2:4
ბოლო დუელი ახლახან, 2017 წლის ნოემბერში შედგა. სიმბოლურია შეხვედრას მაშინაც რუსეთმა უმასპინძლა, ოღონ კრასნოდარმა. არგენტინა 36-ე წუთისთვის ევერ ბანეგასა და სერხიო აგუეროს გოლებით 2:0 იგებდა, მაგრამ მერე მოედანზე მხოლოდ ნიგერიელები მოქმედებნდენ. კელეჩი იენაჩომ 44-ე წუთზე შეამცირა სხვაობა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში აივობიმ გაათანაბრა. ბრაინ იდოვუმ მალევე ნიგერია დააწინაურა, ხოლო აივობიმ 73-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:2.