ფეხბურთი

0:52 | 26.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელთა ბეწვის ხიდი და ირანელთა ცრემლები (+VIDEO)

პორტუგალიის ნაკრებმა ბევრი ინერვიულა, მაგრამ საწადელს მიაღწია და მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია. ფერნანდუ სანტუშის გუნდი ისევ არადამაჯერებელი იყო და ბეწვის ხიდზე გაიარა.

მთელი თამაშის განმავლობაში ლუზიტანები უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ რეალური მომენტების შექმნა უძნელდებოდათ. თავის მხრივ, ირანის ნაკრები შანსს ელოდა და ყოველ შესაძლებლობაზე სცდილობდა მეტოქის კარისკენ გაეწია.

ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გაიხსნა. რიკარდო კვარეჟმამ ჩვეულ სტილში დაარტყა, ფეხის გარე ტერფით და ბეირანვარდი ვერაფერს გახდა – 0:1. ირანი ურთულს მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან აზიელებს ორი გოლის გატანა მართებდათ. მიუხედავად ამისა, მეორე ტაიმი ევროპის ჩემპიონთა უპირატესობით დაიწყო და კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშის სხვაობის გაზრდის ჩინებული შანსი მიეცა. პორტუგალიელთა კაპიტანმა თავისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი შეასრულა, მაგრამ ბეირანვარდს ვერ აჯობა და ანგარიში უცვლელი დარჩა. ეს იყო 53-ე წუთზე და ეს გამოდგა პორტუგალიის ნაკრების ბოლო საგოლე შანსი. მერე სანტუშის გუნდი მეტოქის კარს არ დამუქრებია.

საპასუხოდ ირანიც ვერ ამწვავებდა თამაშს და ყველაფერი იქეთკენ მიდიოდა, რომ პორტუგალიის ნაკრები პლეი-ოფში პირველი ადგილით უნდა გასულიყო.

თუმცა, მსაჯის კომპენსირებულ დროში სედრიკ სოარეშმა ხელით ითამაშა საჯარიმოში და ვიდეორეფერის დახმარებით პენალტი დაინიშნა. კარიმ ანსარიფარდიმ რონალდუსგან განსხვავებით დიდებულად დაარტყა – 1:1. ირანს კიდე 2 წუთი ჰქონდა...

ხსენებულ დროში კარლოს კეირუშის გუნდმა ისეთი შანსი მიიღო, მანამდე რომ არ ჰქონია. მეჰდი თარემი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ საშემსრულებლო ოსტატობა ვერ გამოავლინა და ბურთი კარის ბადეს მხოლოდ და მხოლოდ გარედან მოარტყა. გოლი რომ გასულიყო, ყველაფერი რადიკალურად იცვლებოდა: ირანი ჯგუფიდან პირველი ადგილით გადიოდა, ხოლო პორტუგალიას ბარგის ჩალაგება უწევდა...

ასე დრამატულად დასრულდა მუნდიალი ირანის ნაკრებისთვის, ხოლო მერვედფინალში პორტუგალია ურუგვაის ნაკრებს შეხვდება. მეორე წყვილში კი, მასპინძელი რუსეთი ესპანეთს გაეჯიბრება.

ირანი – პორტუგალია 1:1 (0:1) VIDEO

სარანსკი, “მორდოვია არენა”

მაყურებელი: 41 685

ირანი (4-1-4-1): ბეირანვარდი; რეზაიანი, პურალიგანჯი, ჰოსეინი, ჰაჯი საფი (მოჰამადი 56); ეზატოლაჰი (ანსარიფარდი 76); ჯაჰანბახში (გოდოში 70), ებრაჰიმი, ამირი, თარემი; აზმუნი

მწვრთნელი: კარლოს კეირუში

პორტუგალია (4-4-2): რუი პატრისიუ; სოარეში, პეპე, ფონტე, გერეირო; კვარეჟმა (ბერნარდო სილვა 70), ადრიენ სილვა, კარვალიო, ჟოაო მარიუ (მოუტინიო 84); ანდრე სილვა (გუედეში 90), რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

გოლები: 0:1 კვარეჟმა (45), 1:1 ანსარიფარდი (90, პენ)

გაფრთხილება: ჰაჯი საფი (52), აზმუნი (54) – გერეირო (33), კვარეჟმა (64), რონალდუ (83), სოარეში (90)

გამოუყენებელი პენალტი: რონალდუ (53, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 14 (4) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 1:5 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ენრიკე კასერესი (პარაგვაი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რიკარდო კვარეჟმა (პორტუგალია)

0.322928