მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში მესამე ტურის მატჩები გაიმართა და საბოლოოდ პირველ ადგილზე ურუგვაი გავიდა. სამხრეთამერიკელებმა რუსეთი სამარაში 3:0 დაამარცხეს და 9 ქულა დააგროვას. ასევე, მიმდინარე ჩემპიონატზე ურუგვაის გოლი არ აქვს გაშვებული.
პირველი გოლი მეცხრე წუთზე გავიდა, როდესაც ურუგვაიმ ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა და თითქმის საჯარიმოს ხაზიდან ლუის სუარესმა დაბალი ბურთი შორეულ კუთხისკენ ზუსტად გაუშვა. "ბარსელონას" თავდამსხმელმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მეშვიდედ გამოიჩინა თავი და ნაკრებში მუნდიალებზე მასზე მეტი გოლი ოსკარ მიგესს აქვს გატანილი.
23-ე წუთზე კი კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი რუსებმა მოიგერიეს, თუმცა საჯარიმოსთან ახლოს მდგარმა დიეგო ლაქსალტმა ძლიერად დაარტყა, ბურთი კი დენი ჩერიშევს მოხვდა და საბოოოდ რუსეთის კარის ბადეში აღმოჩნდა. ასევე, პირველ ტაიმში იგორ სმოლნიკოვმა მოედანი ორი ყვითელი ბარათის გამო დატოვა და ამის შემდეგ ფაქტობრივად თამაში დასრულდა.
მეორე ნახევარში რუსებმა ვერ შეძლეს თამაშის შემოტრიალება და ეს ლოგიკურიც იყო, რადგან 11 კაცით შეძლეს მშრალი ანგარიშის შენახვა და კაცნაკლულებს კიდევ უფრო არაფერი გამოუვიდათ. ძირითადად ბურთს ურუგვაი აკონტროლებდა და შეხვედრის ბოლოსკენ სამხრეთამერიკელებმა მესამე გოლი გაიტანეს - კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთზე თავით დიეგო გოდინმა ითამაშა, მართალია აკინფეევმა ბურთი მოიგერია, თუმცა დასწრებაზე ედინსონ კავანიმ ყველას დაასწრო. აღნიშნულ მომენტამდე კრისტიან როდრიგესმა ორჯერ ძლიერად დაარტყა კარისკენ და აკინფეევი მოწოდების სიმაღლეზე იყო, ასევე სუარესს და კავანისაც ჰქონდათ შანსი ერთმანეთში კარგად გაეთამაშებინათ კომბინაცია და ანგარიში კიდევ უფრო დიდი იქნებოდა.
საბოლოოდ, ურუგვაიმ დაამტკიცა, რომ A ჯგუფში ყველაზე ძლიერი იყო და შეძლო პირველ ადგილზე გასვლა. შემდეგ ეტაპზე ოსკარ ტაბარესის გუნდი B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება, ხოლო მასპინძლები პირველადგილოსანთან გაარკვევენ ურთიერთობას.
A ჯგუფში მესამე ადგილზე საუდის არაბეთი გავიდა, რომელმაც მძიმე ბრძოლაში ეგვიპტე 2:0 დაამარცხა და სამი ქულა მოიპოვა. "ფარაონები" კი სამშობლოში უქულოდ გაემგზავრნენ. არა და შეხვედრაში ეგვიპტელები 22-ე წუთზე დაწინაურდნენ, როდესაც საიდის გადაცემის შემდეგ მოჰამედ სალაჰმა საჯარიმოსთან ახლოს მიიღო ბურთი და მეკარეს თავზე გადაუგდო.
ეგვიპტის მეკარე ესამ ელ ჰადარი კი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი მოთამაშის სტატუსით შევიდა. აღნიშნულ შეხვედრაში "ფარაონთა" კარის დარაჯი 45 წლის და 161 დღის იყო და საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 41-ე წუთზე მან ალ მუვალადის თერთმეტმეტრიანი აუღო. მიუხედავად ასეთი კარგი თამაშისა, მეორე პენალტზე, რომელიც პირველი ტაიმის ბოლოს შესრულდა, ვერ ივარგა - ალ ფარაჯმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
გამარჯვების გოლი აზიელთაგან კი ალ დავსარიმ გაიტანა მატჩის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე, მას საჯარიმოშივე გადაცემა ოტაიფმა გაუკეთა. ამ შეხვედრაში მესამე ადგილზე გასვლისთვის ეგვიპტეს ხელს ფრეც აძლევდა, თუმცა გულშემატკივრებს იმედები გაუცრუეს. საუდის არაბეთს კი ეკუთვნოდა გამარჯვება, რადგან ბურთს ძირითადად ეს ნაკრები აკონტროელებდა და მომენტებსაც ქმნიდა, ეგვიპტელებმა კი ერთხელ დაარტყეს კარში და ისიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.
ურუგვაი - რუსეთი 3:0 (2:0)
სამარა, "სამარა არენა"
ურუგვაი (3-5-2): მუსლერა; გოდინი, კოატესი, კასერესი; ნანდესი (როდრიგესი 73), ტორეირა, ბენტანკური (დე არასკაეტა 63), ვესინო, ლაქსალტი; კავანი (გომესი 90+3), სუარესი
მწვრთნელი: ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი
რუსეთი (4-2-3-1): აკინფეევი; სმოლნიკოვი, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, კუდრიაშევი; გაზინსკი (კუზიაიევი 46), ზობნინი; სამედოვი, ალ. მირანჩუკი (სმოლოვი 60), ჩერიშევი (ფერნანდეში 38); ძიუბა
მწვრთნელი: სტანისლავ ჩერჩესოვი
გოლი: 1:0 სუარესი (10, პენ), 2:0 ავტ.გოლი ჩერიშევი (23), 3:0 კავანი (90)
გაფრთხილება: გაზინსკი (9), სმოლნიკოვი (27), ბენტაკური (59)
გაძევება: სმოლნიკოვი (36)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 17(7) - 3(1): ბურთის ფლობა 56%-44%: კუთხურები 4-2: თამაშგარე 0-2:
მსაჯი: მალანგ დიედიუ (სენეგალი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის სუარესი
საუდის არაბეთი - ეგვიპტე 2:1 (1:1)
ვოლგოგრადი, "ვოლგოგრად არენა"
საუდის არაბეთი (4-5-1): ალ მოსაილემი; მოთაზი, ო. ჰავსავი, ალ ბურაიქი, ალ შაჰრანი; ჰათანი (ასირი 65), ალ ფარაჯი, ოტაიფი, ჰუსაინი, ალ-დავსარი; ალ-მუვალადი (ალ შეჰლი 79)
მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი
ეგვიპტე (4-2-3-1): ელჰადარი; ფათი, ალი გაბრი, ჰეგაცი, აბდელშაფი; ელნენი, ჰამედი; სალაჰი, ელ საიდი (ვარდა 45+7), ტრეზეგე (კაჰრაბა 81); მოჰსენი (სობჰი 64)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
გოლი: 0:1 სალაჰი (22), 1:1 ალ ფარაჯი (45+6, პენ), 2:1 ალ დავსარი (90+5)
გაფუჭებული პენალტი: ალ მუვალადი (39)
გაფრთხილება: გაბრი (45+5)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 22(7) - 8(1): ბურთის ფლობა 62%-38%: კუთხურები 7-2: თამაშგარე 1-3:
მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მოჰამედ სალაჰი