ფეხბურთი

19:01 | 23.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიის ლამაზი ფეხბურთი და 1/8 ფინალი (+VIDEO)

ბელგიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალშია. რობერტო მარტინესის გუნდმა პლეი-ოფის საგზური მას შემდეგ გაიფორმა, რაც ტუნისის ნაკრები ადვილად დაამარცხა – 5:2.

შეხვედრა მეტად თვალსასეირო და საგოლე მომენტებით დახუნძლული გამოდგა. ანგარიში მალევე გაიხსნა: ედენ აზარი საჯარიმოში წააქციეს აფრიკელებმა და ბელგიელთა კაპიტანმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. სხვათა შორის, მიმდინარე ტურნირზე ეს იყო მე-13 პენალტი (27 შეხვედრაში) და ეს უფრო მეტია, ვიდრე 4 წლის წინ, 64 მატჩში დაარტყეს გუნდებმა. მალევე, ტუნისელთა მცველმა მაალულმა ბურთი დაკარგა, რასაც დრის მერტენსის სწრაფი შეტევა და რომელუ ლუკაკუს გოლი მოჰყვა – 2:0.

ზუსტად 109 წამი გავიდა და ტუნისი თამაშში დაბრუნდა. ვაჰბი ხაზრის გადაცემით დილან ბრონმა გაიტანა. მერე, ბელგიას კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ მიზანს ოდენ ტაიმის ბოლო წუთზე უწია, როდესაც ტომას მუნიემ ლუკაკუს გაუკეთა კარგი და პასი და ბელგიელთა ფორვარდი კიპერთან პირისპირ კიდევ ერთხელ დარჩა. ლუკაკუმ ამჯერადაც ივარგა და დუბლი გაიფორმა. ამრიგად, რომელუ 1986 წლის შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალზე ზედიზედ ორ შეხვედრაში შეასრულა დუბლი. ბოლოს იგივეს გაკეთება დიეგო მარადონას მოეხერხებინა, რომელმაც 1986 წელს ჯერ ინგლისი დაამწუხრა ორჯერ, მერე – ბელგია. თავის მხრივ, ლუკაკუს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მეშვიდე გოლი შეაგდო და ბელგიის ნაკრების რეკორდსმენი გახდა.

მეორე ტაიმიც გოლით დაიწყო და ამჯერად დუბლი ედენ აზარმა გაიფორმა. პირველად მოხდა 2014 წლის შემდეგ, რომ ერთი გუნდის ორმა ფეხბურთელმა ერთ მატჩში გაიფორმა დუბლი. უკანასკნელად იგივე ტონი კროოსმა და ანდრე შურლემ გააკეთეს ბრაზილიასთან (2014 წელს).

ბელგიამ მიუხედავად იმისა, რომ 4:1 იგებდა, არ გაჩერებულა და უამრავი საგოლე მომენტი შექმნა. ყველაზე მეტად ცვლილებაზე შესული მიჩი ბატშუაი აქტიურობდა, მაგრამ “დორტმუნდის” ფორვარდს ფატალურად არ უმართლებდა. მიჩიმ მიზანს ბოლოსკენ მაინც უწია, როდესაც ვარდნაში ეფექტური გოლი შეაგდო. ერთადერთი რაც ტუნისმა გაახერხა, მსაჯის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე ხაზრის პრესტიჟის გოლი იყო – 5:2. სხვათა შორის, ეს მატჩი ჯერჯერობით მუნდიალზე ყველაზე შედეგიანი გამოდგა.

ბელგიის ნაკრებმა მუნდიალზე ისტორიაში პირველად გაიტანა 5 გოლი ერთ მატჩში და მერვედფინალშია. ახლა, “წითელი ეშმაკებისთვის” მხოლოდ ის დარჩა გასარკვევი, პირველ თუ მეორე ადგილს დაიკავებს ქვეჯგუფში. ტუნისი კი, ინგლისთან და ბელგიასთან უქულოდ დარჩენის შემდეგ მუნდიალს ემშვიდობება და ბოლო ტურში პანამასთან ოდენ კარს თუ გაიჯახუნებს.

ბელგია – ტუნისი 5:2 (3:1) VIDEO

მოსკოვი, “ატკრიტიე არენა”

მაყურებელი: 44 190

ბელგია (3-4-2-1): კურტუა; ალდერვეირელდი, ბიატა, ვერტონგენი; მუნიე, დე ბრუინი, ვიტსელი, ფერეირა-კარასკო; მერტენსი (ტილემანსი 87), ე. აზარი (ბატშუაი 68); ლუკაკუ (ფელაინი 59)

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ტუნისი (4-3-3): ბენ მუსტაფა; ბრონი (ნაგეზი 24), ს. ბენ იუსუფი (ბენალუანე 41), მერია, მაალული; ედინ კაუი, სხირი, სასი (სლიტი 59); ფ. ბენ იუსუფი, ხაზრი, ბადრი

მწვრთნელი: ნაბილ მაალული

გოლები: 1:0 ე. აზარი (6), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45), 4:1 ე. აზარი (51)

გაფრთხილება: სასი (14)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 23 (12) – 15 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: ხაირ მარუფო (აშშ)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ედენ აზარი (ბელგია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.542248