ნიგერიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის D ჯგუფში ისლანდია 2:0 დაამარცხა და მერვედფინალისკენ ნაბიჯი გადადგა. აფრიკელებს სამი ქულა აქვთ და ბოლო ტურში არგენტინასთან მოუწევს ჭიდილი.
პირველი ტაიმის შემდეგ კი ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ნიგერია გააქტიურდებოდა და ისლანდიას პრობლემას შეუქმნიდა. პირველ 45 წუთში აფრიკელებმა კარში ვერ დაარტყეს, სკანდინავიელებს კი რამდენიმე შანსი ჰქონდათ და ყველაზე აქტიური გილფი სიგურდსონი იყო, რომელმაც მეკარეს სუსტი წერტილი ვერ მოუძებნა.
მეორე ტაიმში ნიგერიამ სათამაშო სტილი შეცვალა და მისი თამაში აქტიური გახდა. პირველივე შეტევა აფრიკელებმა დარტყმით დაასრულეს, თუმცა ისლანდიელთა მეკარემ ბურთი მოიგერია. 49-ე წუთზე კი ევროპელებმა მეტოქის საჯარიმოში აუტიდან ბურთი ჩააგდეს, თუმცა აფრიკელებმა მოიგერიეს, კონტრშეტევა წამოიწყეს, ვიქტორ მოზესის გადაცემის შემდეგ კი აჰმედ მუსამ საჯარიმოში ბურთი გააჩერა და ძლიერი დარტყმით ჰანეს ჰალდორსონს შანსიც არ დაუტოვა.
აღნიშნული გოლის შემდეგ მუსას და მოზეს ჰქონდათ მომენტები, თუმცა ვერ გაიტანეს. ასევე, 71-ე წუთზე კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ბალოგუნმა ითამაშა, თუმცა კარს მცირედით ააცილა. ორიოდე წუთში კი აჰმედ მუსამ ძელს გაარტყა ბურთი, თუმცა მალევე უფრო ზუსტად ითამაშა, 75-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში შეიჭრა, მცველს გაცდა, მეკარეც მოატყუა და დუბლი შეასრულა. მე-80 წუთზე ნიგერიელმა ალფრედ ფინბოგასონი საჯარიმოში წააქცია, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. საბოლოოდ ვიდეოგამეორების შედეგად თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა და თერთმეტმეტრიანი გილფიმ შეასრულა, რომელმაც საერთოდ კარს ააცილა.
საბოლოოდ ნიგერიამ სასურველი სამი ქულა მოიპოვა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა. შემდეგ შეხვედრას აფრიკელები არგენტინასთან გამართავენ და ურთულესი მატჩი ელით, რადგან სამხრეთამერიკელებს (1 ქულა) შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება აწყობთ. ისლანდია კი უმოტივაციო ხორვატიას დაუპირისპირდება.
ნიგერია - ისლანდია 2:0 (0:0)
ვოლგოგრადი, "ვოლგოგრად არენა"
ნიგერია: უზოჰო, იდოვუ (ებიუეჰი 46), ომერუი, ტროსტ-ეკონგი, ბალოგუნი, მოზესი, ნდიდი, ეტებო (ივობი 90), ობი მიკელი, იჰეანაჩო (იგალო 85), მუსა
მწვრთნელი: გერნოტ რორი
ისლანდია: ჰალდორსონი, სევარსონი, მაგნუსონი, რაგნარ სიგურდსონი (ინგასონი 65), არნასონი, გილფი სიგურდსონი, გუნარსონი (სკულასონი 87), ბიარნასონი, გისლასონი, ბოდვარსონი (სიგურდარსონი 71), ფინბოგასონი
მწვრთნელი: ჰეიმირ ჰალგრიმსონი
გოლი: 1:0, 2:0 აჰმედ მუსა (49, 75)
გაფრთხილება: იდოვუ (44)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმა 16(4) - 9(3): ბურთის ფლობა 61%-39%: კუთხურები 6-5: თამაშგარე 1-0;
მსაჯი: მეთიუ კონგერი
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: აჰმედ მუსა