არგენტინის ნაკრები კატასტროფასთან ძალიან ახლოსაა. სამხრეთ ამერიკელთა შედეგები და მეტწილად, თამაშის ხარისხი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და რა გასაკვირია, რომ მუნდიალზე ფიასკო ერთ ნაბიჯშია.
“ალბისელესტეს” რიგებში პრობლემები, რომ არსებობს, ამას შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ვხედავთ. რაც მთავარია, გუნდი აშკარად მოუმზადებელი შეხვდა პლანეტის პირველობას. ეს ჯერ კიდევ მარტში, ესპანეთთან სამარცხვინო მარცხით (1:6) გამოჩნდა. თუმცა, როგორ გინდა არაფერს მოელოდე გუნდისგან, რომელსაც ლეო მესი ჰყვას?! დიახ, ძნელია, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდი 10 ნომერი უდიდესი წნეხის ქვეშაა. თითქოს, ამ ყველაფერს კრიშტიანუ რონალდუსთან დაუსურულებელი შედარებაც ემატება და პორტუგალიელიც კიდევ უფრო ურთულებს სიტუაციას. რონალდუ ხომ მიმდინარე მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირია და მისი ყოველი გოლი მესიზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის.
ცალსახაა, რომ მესი ვერაფრით ახერხებს ამ ყველაფერთან გამკლავებას და მოედანზე აჩრდილს ჰგავს. მაგალითათ, ხორვატიასთან შეხვედრაში არგენტინელთა კაპიტანმა კარისკენ ერთხელაც ვერ დაარტყა! გახსოვთ ასეთი შემთხვევა? არა, რადგან ეს ძალიან იშვიათად ხდება და საერთოდაც, ხორვატია მეორე გუნდი გამოდგა 2018 წელს, რომლის კარს მესი არ დამუქრებია...
მესი არ არის კარგი კაპიტანი. პირდაპირ ვთქვათ და კაპიტნობისთვის მხოლოდ დიდი ფეხბურთელება არ კმარა. უნდა გქონდეს ქარიზმა, ლიდერის თვისებები, თანაგუნდელთა აყოლიების უნარი. მესი შესაძლოა მოედანზე ლიდერობდეს, მაგრამ გასახდელში არა, მესის არ შეუძლია გაშვებული გოლის შემდეგ თანაგუნდელები გაამხნევოს, შეაგულიანოს. პირიქით, თავდახრილი მოედნის ცენტრში დგება და თითქოს დეპრესიაში ვარდება.
ლეო რომ დეპრესიაშია, ამაზე დედამისის კომენტარი მეტყველებს, რომელმაც ისლანდიასთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი შვილი ტირის, როდესაც აკრიტიკებენ ეროვნულ ნაკრებში ცუდი თამაშის გამო.
თუმცა, ის, რაც არგენტინის ნაკრების თავს ხდება, ყველაზე ნაკლებადაა მესის ბრალი. ლუკა მოდრიჩმა თქვა, მარტო მესი ვერაფერს გახდებაო და ეს სრული ჭეშმარიტებაა. ლეოს თანაგუნდელები აშკარად ვერ უბამენ მხარს და სხვათა შორის, ეს სამპაოლიმაც დაადასტურა. ასე იყო საკვალიფიკაციო ეტაპზეც, როდესაც მესიმ ფაქტობრივად პირადად გაიყვანა გუნდი მუნდიალზე. ბოლო ტურში, როდესაც არგენტინას 3 ქულა სჭირდებოდა, ეკვადორთან გოლი პირველივე წუთზე გაუშვა. გამოსავალიც არ ჩანდა, მაგრამ მაშინ მესიმ წონადი სიტყვა თქვა, ჰეთ-თრიქი შეასრულა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. და ახლა? არაფერი შეცვლილა, მესი ისევ მარტოა, მაგრამ, მაგალითად ხორვატია უმოტივაციო ეკვადორი არაა და ერთ კაცსთ თერთმეტთან გამკლავება რომ უჭირს, რა გასაკვირია?! თითქოს ასეთი სურათია: მესი და დანარჩენები. რამდენი ეპიზოდი იყო ხორვატიასთან, როცა ლეო მარტო სცდილობდა მეტოქის დაცვის ზღუდეების გარღვევას და 4-5 ფეხბურთელის გაბითურებას? ან რამდენი შემთხვევა იყო, როდესაც ბურთი საერთოდ არ მიუღია და იქ, სადღაც კუთხეში ეულად იდგა?
არგენტინის ნაკრებს სხვა ბევრი პრობლემაც აქვს – გუნდი არაა ჩამოყალიბებული ერთი მიზნისკენ და გუნდს არ აქვს ტაქტიკური მონახაზი. სამპაოლიმ ორ თამაშში ორი სხვა და სხვა სქემა გამოიყენა და ფეხბურთელებიც შეცვალა, მაგრამ წარმატება არ მოსულა. ამასობაში, მწვრთნელს ფეხბურთელები განუდგნენ და მის დაუყოვნებლივ მოხსნას ითხოვენ.
სერხიო აგუერომ მინიშნებაც გააკეთა: “სამპაოლის შეუძლია თქვას ყველაფერი, რაც სურს”...
თუმცა, “აფას” ბოსებისთვის სამპაოლის გადაყენა საკმაოდ წამგებიანი იქნება ფინანსური თვალსაზრისით. და, თუ ასე მოხდა, მისთვის 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ხორხეს მემკვიდრედ კი, გუნდის მენეჯერი ხორხე ბურუჩაგა სახელდება. ვნახოთ წესით, უახლოეს საათებში ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გაირკვეს.
იქამდე კი, არგენტინა უფსკრულში გადაჩეხვის პირასაა. არგენტინა არის გუნდი, რომელსაც არ ჰყავს საიმედო მეკარე, კარგი დაცვა, მაღალი დონის ნახევარდცვა და არ გააჩნია ერთიანი სულისკვეთება. თუმცა ჰყავს ლეო მესი. ლეო მესი, რომელიც, მოედანზე ერთი ინდივიდია და მის პირისპირ ყოველთვის 11 თვალანთებული მოწინააღმდეგე დგას...