ფეხბურთი

1:15 | 22.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინული უფსკრული (+VIDEO)

ერთი, ორი, სამი – არგენტინის ნაკრები უფსკრულთან ძალიან ახლოსაა. ხორვატიის ნაკრებმა “ალბისელესტე” შეიძლება ითქვას ჩემოდნებზე შესვა და თავად მერვედფინალში თამაში გაინაღდა.

ხორხე სამპაოლი კი ახლოსაა, რომ სამშობლოში სამუდამო დეპორტი ჩაურტყან. თავს ზემოთ ძალა არ იყო და ნათლად გამოჩნდა, რომ ამჟამად, ხორვატია გაცილებით კარგი გუნდია, ვიდრე არგენტინის ნაკრები. ფეხბურთი გუნდური სპორტია, სამხრეთ ამერიკელებს კი გუნდურობისგან ძალიან ბევრი აშორებთ.

არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, მაგრამ მგონია, რომ არგენტინამ ეს კონკრეტული თამაში დაწყებამდე წააგო. გეხსომებათ იტალიელი ფეხბურთელების შესრულებული ჰიმნი მატჩამდე და მერე, უცებ გავიხსენოთ არგენტინელთა შესრულებული ჰიმნი დღეს... თითქოს აქ გამოჩნდა, რომ “ალბისელესტეს” ფეხბურთელებს ჟინი და მონდომება აკლიათ. აბა, სხვა რას უნდა მივაწეროთ ეს ყველაფერი? მაღალი კლასის ფეხბურთელების სიხალვათეს სამპაოლის გუნდი ნამდვილად არ უჩივის. ყოველშემთხვევაში, იმ დონეზე, რომ ასე უსახურად და მეტიც, სამარცხვინოდ ირჯებოდეს!

და, საერთოდ, არგენტინის ნაკრების დღევანდელი მდგომარეობა ნათლად ასახა ხორვატთა მესამე გოლმა. მეტოქე შემტევების გამკლავებას ვილი კაბალიერო მარტო სცდილობდა და ამ დროს მცველები იქვე, მოვლენების განვითარებას ადევნდბდნენ თვალს. მერე რა, რომ ბოლო წუთი იყო. მერე რა, რომ იმ დროისთვის თამაშის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ – აქაც კარგად გამოჩნდა არგენტინელთა ე.წ გუნდურობა და სულისკვეთება...

ისლანდიასთან მატჩისგან განსხვავებით, სამპაოლიმ ტაქტიკაც შეცვალა და რამდენიმე ფეხბურთელიც. ისევ თადარიგში დარჩნენ გონსალო იგუაინი და პაულო დიბალა, ხოლო მათ გვერდი ანხელ დი მარიამაც დაუმშვენა. სამაგიეროდ, სამპაოლიმ 3 ცენტრალური მცველით გადაწყვიტა თამაში, მაგრამ რეალურად მინდორზე ამ პოზიციის ერთადერთი მოთამაშე იყო – ნიკოლას ოტამენდი! ჰოდა, ხორვატიასაც მეტი რა უნდოდა, მოწინააღმდეგის დაცვის ხაზში გაინავარდა. ბალკანელებს გატანა უკვე მეორე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ ვილი კაბალიერომ ივარგა. მერე თამაშმა ცოტა მოიწყინა, თუმცა, პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს მიეცა. ხორვატთაგან მიზანთან ყველაზე ახლოს მარიო მანჯუკიჩი იყო, როდესაც იდეალური პოზიციიდან ბურთს თავი კარგად ვერ დაუხვედრა. თავის მხრივ, სამართლიანობისთვის უცილობლივ უნდა აღინიშნოს, რომ არგენტინას პირველ ტაიმში რეალური მომენტები ჰქონდა. ყველაზე ახლოს გოლთან ენცო პერესი იყო, როდესაც მეტოქის შეცდომის შედეგად ცარიელ კარს ვერ დაუმიზნა. აკუნიას ჩაწოდებული ბურთი კი ხარიხას დაეცა. მაგრამ, ორივე ეპიზოდი უფრო შემთხვევითობის შედეგი იყო, ვიდრე არგენტინელთა გააზრებული მოქმედების. ასეთ კატეგორიაში შეგვიძლია შევიყვანოთ მაქსიმილიანო მესას ეპიზოდი, როდესაც დეიან ლოვრენი ბოლო მომენტში აღუდგა სახიფათო დარტყმას.

აი, მეორე ნახევარში კი, ფეხბურთს ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე უყურებდა. ანგარიში მალევე გაიხსნა. კაბალიერომ ბურთის ფეხით საჯარიმოდან გატანა სცადა, მაგრამ ეს იმდენად საშინლად გააკეთა, რომ ანტე რებიჩმა ბადეში გაახვია ბურთი. აქ, ბევრს ალბათ ჟოზე მოურინიოს სამი დღისწინანდელი განცხადება გაახსენდა, როდესაც “განსაკუთრებულმა” ვილი გააკრიტიკა და თქვა, გინდ მე ჩავმდგარვარ კარში, გინდ – კაბალიეროო...

სამპაოლიმ უმალვე ცვლილებები განახორციელა და მოედანზე იგუაინი და პავონი გამოჩნდნენ. ოდნავ მოგვიანებით, როგორც იქნა, საქმეში პაულო დიბალაც ჩაერთო. თუმცა, უკვე გვიანი გახლდათ – “ალბისელესტე” მორალურად მოშლილი იყო. და მაინც, ორჯერ მიეცა წონასწორობის აღგდენის შანსი. ჯერ დიბალამ ვერ დაარტყა კარგად, როდესაც ტექნიკურად ითამაშა, ხოლო მერე იგუაინის კარგი პასით მესა სცდილობდა გატანას, შუბაშიჩმა აუღო, ხოლო დამატებაზე მესის რაკიტიჩი აღუდგა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დასახელდა. ფეხბურთელი, რომელიც ყველგან იყო – დაცვაშიც, ნახევარდაცვაშიც და შეტევაშიც. თანამედროვე ფეხბურთში ძნელია მოდრიჩის ტოლფასი მოთამაშის პოვნა და ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ლუკამ საჯარიმოს მისადგომებიდან ულამაზეს სტილში გაისროლა და აი, მაშინ კი მართლა ყველაფერი დასრულდა. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი, ხორვატიამ მესამეც შეაგდო და არგენტინის კოშმარული 90 წუთი ასე დასრულდა.

ხორვატია უკვე მერვედფინალშია, ხოლო არგენტინას 1 ქულა აქვს. თუმცა, ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერაც გააჩნია. ახლა მთავარია, როგორ დასრულდება ამავე ჯგუფის მეორე მატჩი ნიგერიასა და ისლანდიას შორის...

არგენტინა – ხორვატია 0:3 (0:0) VIDEO

ნიჟნი ნოვგოროდი, “ნიჟნი ნოვგოროდ სთედიუმი”

მაყურებელი: 43 319

არგენტინა (3-4-3): კაბალიერო; მერკადო, ოტამენდი, ტალიაფიკო; სალვიო (პავონი 56), მასკერანო, პერესი (დიბალა 68), აკუნია; მესი, აგუერო (იგუაინი 54), მესა

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

ხორვატია (4-2-3-1): შუბაშიჩი; ვრსალიკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი; რაკიტიჩი, ბროჟოვიჩი; რებიჩი (კრამარიჩი 57), მოდრიჩი, პერიშიჩი (კოვაჩიჩი 82); მანჯუკიჩი (ჩორლუკა 90)

მწვრთნელი: ზლატკო დალიჩი

გოლები: 0:1 რებიჩი (53), 0:2 მოდრიჩი (80), 0:3 რაკიტიჩი (90)

გაფრთხილება: მერკადო (51), ოტამენდი (85), აკუნია (87) – რებიჩი (39), მანჯუკიჩი (58), ვრსალიკო (67), ბროჟოვიჩი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმა: 10 (3) – 15 (5) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: რავშან იზმატოვი (უზბეკეთი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)

0.133135