ახლა უკვე ოფიციალურად, რუსეთისადა ურუგვაის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში არიან. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა საუდის არაბეთის ნაკრები დაამარცხა და A ჯგუფში ყველაფერი ცხადი გახდა.
თავად თამაში ძალიან, მეტისმეტად მოსაწყენი გამოდგა და მოსაყოლიც არაფერია. ერთადერთი გოლი აზიელთა კიპერის, ალ ოვაისის შეცდომას მოჰყვა და იქვე ჩასაფრებულმა ლუის სუარესმა ადვილად გაიტანა. სხვათა შორის, სუარესი გახდა პირველი ურუგვაელი ფეხბურთელი, რომელმაც სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიტანა (2010, 2014, 2018). გარდა ამისა, ურუგვაიმ მუნდიალზე პირველი-ორი თამაში მიყოლებით 1954 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
საუდის არაბეთი კი ერთობ უფერული გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს და დამსახურებულად იმყოფება უქულოდ ბოლო ადგილზე.
მაროკოს შემდეგ ჯგუფში ოფიციალურად ჩარჩნენ ეგვიპტე და საუდის არაბეთი. A ჯგუფში ბოლო ტური ფორმალობაა და მხოლოდ ადგილებს გაანაწილებს. ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად რუსეთს ურუგვაისთან ფრეც დააკმაყოფილებს, ხოლო “სელესტეს”შესაბამისად, ოდენ გამარჯვება მისცემს ხელს. თავის მხრივ, ეგვიპტე და საუდის არაბეთი პრესტიჟის მატჩში შეეჭიდებიან ერთმანეთს და კარის გაჯახუნებას ეცდებიან.
ურუგვაი – საუდის არაბეთი 1:0 (1:0) VIDEO
როსტოვი, “როსტოვ არენა”
მაყურებელი: 42 678
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა; ვარელა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი; სანჩესი (ნანდესი 82), ვესინო (ტორეირა 59), ბენტანკური, როდრიგესი (ლაქსალტი 59); სუარესი, კავანი
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
საუდის არაბეთი (4-1-4-1): ალ ოვაისი; ალ ბურაიკი, ო. ჰავსავი, ალბულაიჰი, ალ შაჰრანი; ოტაიფი; ბაჰბირი (კანო 76), ალ-ფარაჯი, ალ-ჯასიმი (ალ მოგავი 44), ალ-დავსარი; ალ-მუვალადი (ალ საჰლავი 78)
მწვრთნელი: ხუან ანტონიო პიცი
გოლი: 1:0 სუარესი (23)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 8 (3) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ლუის სუარესი (ურუგვაი)