ფეხბურთი

21:58 | 18.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიელთა საიმედო დასაწყისი (+VIDEO)

მსოფლიოს ჩემპიონატზე მორიგი სენსაცია არ შედგა – ბელგიამ დებიუტანტი პანამის ნაკრები პრობლემებისა და ნერვიულობის გარეშე დაამარცხა.

ერნან დარიო გომესის სრულიად უცნობმა და მუნდიალზე გამოუცდელმა გუნდმა იქამდე და იმდენად გაუწია “წითელ ეშმაკებს” წინააღმდეგობა, სადამდეც შეეძლო. ეს მხოლოდ პირველ ტაიმში, რომელიც მიუხედავად ბელგიელთა უპირატესობისა, უგოლოდ გაილია.

აი, მეორე ნახევარში რობერტო მარტინესის გუნდმა სადავები სრულად ხელთ იგდო და წარმატებაც არ დაახანა. დიდებული გოლით გაიხსნა ანგარიში – დრის მერტენსმა ძალზე ტექნიკურად და ლამაზად აიღო მეტოქის კარი. სხვათა შორის, მერტენსი გახდა მეორე ბელგიელი ფეხბურთელი მარკ ვილმოტსის შემდეგ (1998, 2002), რომელმაც ორ მსოფლიოს ჩემპიონატზე შეძლო გატანა (2014, 2018).

მერე კი, რომელუ ლუკაკუს ბენეფისის ჯერი დადგა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. “მანჩესტერის” ფორვარდმა ჯერ კევინ დე ბრუინის პასი შეირგო და თავით გაიტანა, მერე ედენ აზარს დაუფასა გარჯა და დუბლი გაიფორმა. სხვათა შორის, ლუკაკუზე მეტი გოლი დიდ ტურნირებზე (ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატი) ბელგიელებს შორის, მხოლოდ იან კულემანსს აქვს გატანილი (6 გოლი). ლუკაკუ კი, მარკ ვილმოტსთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს (5-5 გოლი).

ბელგიის ნაკრების წარმატებელი სერია კი გრძელდება. “ეშმაკებს” უკვე 20-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდათ (15 მოგება, 5 ფრე). ბოლოს ბელგიამ 2016 წლის სექტემბერში, ესპანეთთან წააგო (0:2).

ბელგია – პანამა 3:0 (0:0) VIDEO

სოჭი, “ფიშთ სთედიუმი”

მაყურებელი: 43 257

ბელგია (3-4-2-1): კურტუა; ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი; მუნიე, დე ბრუინი, ვიტსელი (შადლი 90), ფერეირა-კარასკო (დემბელე 74); მერტენსი (ტ. აზარი 84), ე. აზარი, ლუკაკუ

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

პანამა (4-5-1): პენედო; მურილო, რ. ტორესი, ესკობარი, დევისი; ბარსენასი (გ. ტორესი 63), კუპერი, გომესი, გოდოი, როდრიგესი (დიასი 63); პერესი (ტეხადა 74)

მწვრთნელი: ერნან დარიო გომესი

გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

გაფრთხილება: მუნიე (14), ვერტონგენი (60), დე ბრუინი (88) – დევისი (18), ბარსენასი (45), კუპერი (49), მურილო (51), გოდოი (57)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 6 (2) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 1:3

მსაჯი: იანი სიკაზვე (ზამბია)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: რომელუ ლუკაკუ (ბელგია)

0.332369