მსოფლიოს ჩემპიონატი ფავორიტების გარეშე - მიმდინარე მუნდიალზე გამართული მატჩები სწორედ ამაზე მეტყველებს, ამჯერად, წარმატებით ვერ ჩაერთო ბრაზილიის ნაკრები, რომელსაც სპეციალისტები ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ.
ტიტეს გუნდისთვის შვეიცარია გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა. ბრაზილიელებმა ოდენ პირველი ტაიმი მოიგეს. მეოცე წუთზე ფილიპე კოუტინიომ ულამაზესი გოლით დააწინაურა მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი. თუმცა, მერე სამხრეთ ამერიკელებს ღირებული თითქმის არაფერი გაუკეთებიათ.
შვეიცარიის ნაკრებმა კი, მთელი მატჩის განმავლობაში ბოძებული ერთადერთი შანსი გამოიყენა. 50-ე წუთზე ზუბერმა მირანდას მეორე სართულზე თამაშისას აჯობა და ალისონი სტატისტის როლში იყო - 1:1.
მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში ბრაზილიის ნაკრები სრულ უპირატესობას ფლობდა, შედეგში ეს ვერ გარდასახა. შესაბამისად, ბრაზილიელთა სტარტი არც ისე ეფექტურია. აღნიშნული მატჩის ვრცელ მიმოხილვას ცოტა ხანში შემოგთავაზებთ.