ფეხბურთი

3:04 | 17.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ისლანდიელთა გმირი, მეკარე და რეჟისორი - ჰალდორსონის საოცარი ისტორია

ისლანდიის ნაკრები საფეხბურთო სამყაროს სასაუბრო თემა იყო ორი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე და სასაუბრო თემაა დღესაც. კუნძულელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი ჩაატარეს და თვით არგენტინის ნაკრებთან მოახერხეს ისტორიული ქულის მოპოვება.

ისლანდიელთა მთავარი გმირი კი დღეს მეკარე, ჰანეს ჰალდორსონია. 34 წლის კიპერი, რომელმაც “ალბისელესტესთან” ყველაფერი აიღო, რისი აღებაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა. ყველაფრის კულმინაცია კი, 64-ე წუთზე, ლიონელ მესისთვის მოგებული დუელი აღმოჩნდა, როდესაც თანამედროვეობის გამორჩეულ ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანი აუღო! სრულიად დამსახურებულადაც, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო. მოკლედ, ჰალდორსონი გმირია და დიდხანს ისაუბრებენ მასზე...

არადა, ჰანესის ისტორია ძალიან საინტერესო მოვლენებს იტევს. ვეტერან მეკარეს არაფრით გამორჩეული საფეხბურთო კარიერა არ აქვს და კარგა ხანს ფიქრობდა, ეთამაშა თუ არა საერთოდ ფეხბურთი. 2005 წელს, ჰალდორსონი ისლანდიის მესამე დივიზიონში ირჯებოდა და შიგა და შიგ, ტრავმებიც სტანჯავდა. სწორედ მაშინ, ისლანდიელი კარიერის დასრულებაზე და სხვა სფეროში გადანაცვლებაზე ფიქრობდა. თუმცა, დრო და დრო, წინ წასვლა მოახერხა. 2015 წელს ჰოლანდიურ “ნაიმეგენში” მოხვდა და ერთი წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე 5 შეხვედრაც ჩაატარა. ჰალდორსონი საფეხბურთო სამყარომ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო. თუმცა, ჰანესისთვის წარმატებული ევროპის ჩემპიონატი მხოლოდ და მხოლოდ, დანიურ “რანდერსში” ადგილის მომტანი აღმოჩნდა. დიახ, ჰალდორსონი ქართველი საბა ლობჟანიძის თანაკლუბელია...

საინტერესოა, რომ ჰალდორსონი რეჟისორია და საკმაოდ წარმატებულიც. 2012 წელს, როდესაც უკვე ისლანდიის ნაკრების მეკარე იყო, თავისი ქვეყნის სიმღერის, რომელიც ევროვიზიაზე წარადგინეს, კლიპი გადაიღო!

ჰო, ამ პროფესიას ჰანესი აუცილებლად გააგრძელებს და საერთოდაც, ფეხბურთიდან წასვლას როცა ფიქრობდა, სწორედ რეჟისორობას აპირებდა. თუმცა, არც უახლოეს მომავალში იქნება დაგვიანებული.

ვეჭვობთ, ფეხბურთმაც დიდი პოპულარობა შესძინა. ფაქტია – ჰანეს ჰალდორსონი დღეს სრულიად ისლანდიის გმირია!

0.121355