ფეხბურთი

17:32 | 16.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგული ბეწვის ხიდი (+VIDEO)

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა მისი თამაში პირველ ტურში არ ყოფილა ამ სტატუსის შესაბამისი. დიდიე დეშამის გუნდმა ავსტრალია ძალიან მძიმედ დაამარცხა. შეიძლება ითქვას, საერთოდაც ფრე უფრო ლოგიკურიც იქნებოდა, მაგრამ ბოლოს კლასმა თავისი გააკეთა.

თუ არ ჩავთვლით საწყის წუთებს, როდესაც “მამლებმა” რამდენჯერმე მიიტანეს მწვავე იერიში მეტოქის კარზე, მერე ფაქტობრივად ღირებული არაფერი გაუკეთებია. მატჩი ფრანგთა აქტიურობით დაიწყო და სახიფათო მომენტებიც შექმნეს. თუმცა, კილიან მბაპეს, კორენტინ ტოლისოსა და ანტუან გრიზმანს მეთიუ რაიანმა აჯობა. საპასუხოდ, პავარი ახლოს იყო ავტოგოლთან, მაგრამ უგო ლორისმა საფრანგეთი გადაარჩინა. პირველ ნახევარში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა. კიდევ უფრო მოსაწყენი გამოდგა მეორე ნახევარი, იმ განსხვავებით, რომ გოლები გავიდა.

ისტორიული ფაქტიც დაფიქსირდა – ვიდეორეფერი პირველად ჩაერია საფუძვლიანად საქმეში და პენალტი დაინიშნა. მსაჯმა გრიზმანზე თამაშის წესების დარღვევა ვერ დაინახა, მაგრამ VAR-ის მეშვეობით გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა. დაზარალებულმა პენალტი იდეალურად დაარტყა – 1:0.

არ გასულა დიდი ხანი და მეორედ გაიშვირა ურუგვაელმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ ხელი. ამჯერად, საპირისპირო მიმართულებით. სამუელ უმტიტიმ უწყინარ სიტუაციაში ხელით ითამაშა და მილე იედინაკმა გაათანაბრა. სხვათა შორის, ამ ორ პენალტს შორის სხვაობა 4 წუთი და 7 წამი იყო, რაც მუნდიალების ისტორიაში სარეკორდი მაჩვენებელია.

თამაში დუნე რიტმში გაგრძელდა და “მამლები” არათუ სახიფათო, არამედ საერთოდ მომენტის შემქნას ვერ ახერხებდნენ. ბერტ ვან მაარვიკის გუნდის კი შედეგიც ხელს აძლევდა და თამაშის სცენარიც, შესაბამისად, შეტევით თავი არ მოუკლავს. და მაინც, დიდიე დეშამი დიდი კრიტიკისგან პოლ პოგბამ იხსნა, რომელმაც ოლივიე ჟირუსთან ჩინებული კომბინაცია გაითამაშა, წამით დაასწრო მეტოქეს და შეაგდო. ბურთი ხარიხას მოხვდა და ხაზს შიგნით ჩაეშვა – 2:1.

საფრნაგეთმა მძიმედ, მაგრამ მაინც მოიგო და ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ ორი მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება (4 წლის წინ პირველ ტურში ჰონდურასი დაამარცხა).

საფრანგეთი – ავსტრალია 2:1 (0:0) VIDEO

ყაზანი, “ყაზან არენა”

მაყურებელი: 41 279

საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი; ტოლისო, (მატუიდი 78) კანტე, პოგბა; დემბელე (ფეკირი 70), გრიზმანი (ჟირუ 70), მბაპე

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

ავსტრალია (4-2-3-1): რაიანი; რისდონი, მილიგანი, სეინსბერი, ბეჰიჩი; იედინაკი, მუი; ლეკი, როგიჩი (ირვინი 72), კრუსე (არზანი 84); ნაბუტი (იურიჩი 64)

მწვრთნელი: ბერტ ვან მაარვიკი

გოლები: 1:0 გრიზმანი (58, პენ), 1:1 იედინაკი (62, პენ), 2:1 პოგბა (81)

გაფრთხილება: ტოლისო (76) - ლეკი (13), რისდონი (57), ბეჰიჩი (87)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (6) – 4 (1) ბურთის ფლობა: 53%-48% კუთხურები: 5:1 თამაშგარე: 0:0

მსაჯი: ანდრეს ჩუნა (ურუგვაი)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)

0.246671