ხოსე ხიმენესის სამქულიანი თავური – მადრიდის “ატლეტიკოს” მცველმა ურუგვაის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე სასტარტო თამაში 1970 წლის შემდეგ პირველად მოაგებინა. ეს თამაშის მიწურულს მოხდა, კერძოდ 89-ე წუთზე.
კარლოს სანჩესის კუთხურს ხიმენესმა თავი დიდებულად შეაგება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელ მოჰამედ ელ შენავის შანსიც არ ჰქონია. ასე, დრამატულად წააგო ეგვიპტის ნაკრებმა, რომელსაც მუნდიალზე 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს ისტორიის განმავლობაში.
არადა, ექტორ რაულ კუპერის გუნდი სასურველი ქულისკენ მოჰამედ სალაჰის გარეშე მიდიოდა. არგენტინელმა არ გარისკა და მომომ 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა. “ფარაონები” ახლოს იყვნენ ერთ ქულასთან, მართალია, საგოლე მომენტი ეგვიპტეს არ შეუქმნია და მის კართან რამდენჯერმე ჩამოცხა კიდეც, მაგრამ წასაგებად მაინც დაგვენანა ეგვიპტის ნაკრები.
პირველი ტაიმი ფაქტობრივად მომენტების გარეშე გაილია. ერთხელ, ლუის სუარესმა გაუშვა 100%-იანი შანსი, როდესაც ახლო მანძილიდან ბადეს ოდენ გარედან გაარტყა ბურთი. აი, მეორე ტაიმში “ბარსელონას” ფორვარდს ორჯერ შეეძლო გატანა და ორჯერვე ვერ ივარგა. მოკლედ, მისი დღე არ ყოფილა. მერე, ედინსონ კავანიმ ჯარიმა დაარტყა ჩინებულად, მაგრამ ძელი მოევლინა აფრიკელებს მშველელად. ამ ეპიზოდიდან მალევე კი გოლი გავიდა, რომელზეც უკვე მოგახსენეთ – ხიმენესმა უბრალოდ, ფანტასტიკურად, უნაკლოდ ითამაშა.
ამრიგად, პირველი ტურის შემდეგ A ჯგუფში რუსეთი და ურუგვაი ლიდერობენ 3-3 ქულით, ხოლო ეგვიპტესა და საუდის არაბეთის აქტივი ჯერჯერობით ცარიელია.
ეგვიპტე – ურუგვაი 0:1 (0:0) VIDEO
ეკატერინბურგი, “ეკატერინბურგ არენა”
მაყურებელი: 27 015
ეგვიპტე (4-2-3-1): ელ შენავი; ფათი, გაბრი, ჰეგაცი, აბდელ-შაფი; ჰამედი (მორსი 50), ელნენი; ვარდა (ზობჰი 82), ელსაიდი, ტრეზეგე; მოჰსენი (კაჰრაბა 63)
მწვრთნელი: ექტორ რაულ კუპერი
ურუგვაი (4-4-2): მუსლერა; ვარელა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი; ნანდესი (სანჩესი 58), ვესინო (ტორეირა 87), ბენტანკური, დე არასკაეტა (როდრიგესი 59); კავანი, სუარესი
მწვრთნელი: ოსკარ ტაბარესი
გოლი: 0:1 ხიმენესი (89)
გაფრთხილება: მორსი (90), ჰეგაცი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 13 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 0:5 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მოჰამედ ელ შენავი (ეგვიპტე)