ფეხბურთი

12:53 | 13.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2018, წარდგენა: ლიატოდან ლევანდოვსკიმდე
პოლონეთის ეროვნული ნაკრები

მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.

ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 1 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C, D, E, F და G ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე ბოლო, H ჯგუფის ბოლო მონაწილეს გავეცნობით - კოლუმბიის ნაკრები. ამით ჩვენი წარდგენები სრულდება, ხვალიდან კი ყველა ნაკრებს უშუალოდ საქმეში ვიხილავთ.

მონაწილეობა – 8

პოლონეთის ნაკრებისთვის კარს მომდგარი მუნდიალი მერვე იქნება. თეთრ-წითლების დებიუტი შორეულ 1938 წელს შედგა საფრანგეთში, თუმცა პირველივე ეტაპზე დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა – ბრაზილიასთან დამატებით დროში 5:6.

ამის შემდეგ პოლონეთი მუნდიალს 1974 წელს დაუბრუნდა და ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა – მესამე ადგილი. თუმცა, ამაზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ.

4 წლის შემდეგ, არგენტინაში პოლონეთის ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო და პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბადალი არ ჰყოლია. დასავლეთ გერმანიასთან უგოლო ფრეს ტუნისისა (1:0) და მექსიკის (3:1) ძლევა მოჰყვა. თუმცა, წარმატებული სვლა მეორე ჯგუფურ ეტაპზე აღარ გაგრძელებულა. არგენტინასთან (0:2) და ბრაზილიასთან (1:3) მარცხის საპირწონედ პერუს (1:0) ძლევა საკმარისი არ გამოდგა, რომ გუნდს ფინალში ეთამაშა.

სამაგიეროდ, პოლონეთისთვის წარმატებული გამოდგა 1982 წლის მუნდიალი, რაზეც ქვემოთ გიამბობთ. იქამდე, 1986 წელს მექსიკაში ნაჩვენებ შედეგზე მოგიყვებით – პოლონეთმა მერვედფინალში მოახერხა თამაში. ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს დაუზავდა (0:0), პორტუგალიას მოუგო (1:0) და ინგლისთან წააგო (0:3), თუმცა პლეი-ოფში მაინც გავიდა. იქ ევროპელები უშანსოდ იყვნენ ბრაზილიის ნაკრებთან, რომელთანაც 0:4 განადგურდა და ტურნირი დატოვა.

აქედან მოყოლებული პოლონეთისთვის პლეი-ოფი მიუღწეველია. საერთოდაც ოდენ ორჯერ მოახერხა ფინალურ სტადიაზე თამაში, 2002 და 2006 წლებში, თუმცა ორჯერვე ჯგუფში ჩარჩა. აზიაში მასპინძელ სამხრეთ კორეასთან (0:2) და პორტუგალიასთან (0:4) წააგო, ხოლო ბოლო ტურში აშშ-ს 3:1 დამარცხებით არაფერი შეცვლილა. იგივე სცენართან გვქონდა საქმე 2006 წელს. თავდაპირველად ეკვადორთან დამარცხდა (0:2), რასაც მასპინძელ გერმანიასთან უქულოდ დარჩენა მოჰყვა (0:1), ხოლო ბოლო ტურში კარი გაიჯახუნა კოსტა რიკის ძლევით – 2:1.

როგორც ხედავთ, პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება.

საუკეთესო შედეგი – მესამე ადგილი (1974, 1982)

პოლონეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი მესამე ადგილია, რომელსაც სხვათა შორის, ორჯერ უწია. პირველად ეს 1974 წელს მოხდა. ჯგუფურ ეტაპზე თეთრ-წითლებმა დიდებულად ითამაშეს დაფავორიტად შერაცხულ იტალიასა და არგენტინას აჯობეს. ყველაფერი “ალბისელესტესთან” 3:2 გამარჯვებით დაიწყო, რასაც ჰაიტის გაცამტვერება მოჰყვა – 7:0. ბოლო ტურში კი იტალიაც არ დატოვა “გულდაწყვეტილი” – 2:1.

მეორე რაუნდში პოლონეთი მასპინძელ დასავლეთ გერმანიას ჩამორჩა და შესაბამისად, ფინალს ვერ, მაგრამ მცირე ფინალს უწია. პოლონელებმა შვედეთს (1:0) და იუგოსლავიას (2:1) მოუგეს, თუმცა, ბოლო ტურში, ფინალში გამსვლელის ვინაობის გამრკვევ მატჩში მასპინძელ “ბუნდესნაკრებთან” დამარცხდა – 0:1.

მესამე ადგილისთვის მატჩში პოლონეთმა ბრაზილია გჟეგოჟ ლიატოს გოლით დაამარცხა და ისტორიაში პირველად დაისაკუთრა ბრინჯაოს მედლები.

პოლონეთი ისევ მოწინავე პოზიციებზე იყო 1982 წელს და საუკეთესო ოთხეულს მეორედ უწია და ბრინჯაოს მედლებიც მეორედ ირგუნა. მივყვეთ თანმიმდევრობით: საწყის ჯგუფურ ეტაპზე პოლონელებმა იპირველეს – იტალიასთან და კამერუნთან (0:0) და პერუსთან (5:1). მეორე ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი ერგო პოლონეთს მას შემდეგ, რაც ბელგია 3:0 დაამარცხა, ხოლო საბჭოთა კავშირს უგოლოდ დაშორდა. ამ უკანასკნელს ბურთების ბალანსით აჯობა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

აქ უკვე ძველი ნაცნობი ელოდებოდა – იტალია, რომელსაც ჯგუფში დაუზავდა (0:0). თუმცა, მეორედ ვერაფერი გააწყო და პაოლო როსის დუბლით იტალია ფინალში გავიდა, ხოლო პოლონეთს ისევ მესამე ადგილის მატჩით მოუწია დაკმაყოფილება. მცირე ფინალში მიზანი მიღწეული იქნა – საფრანგეთს 3:2 მოუგო და ისტორიაში მეორედ დაიკავა მესამე ადგილი.

გზა რუსეთამდე

პოლონეთის ნაკრების რუსეთში მიმავალ გზაზე პრობლემები არ შექმნია და მეტად ადვილად მოახერხა ფინალური ეტაპის საგზურის გაფორმება. ადამ ნავალკას შეგირდები შესარჩევ ეტაპზე მეტოქეებს ერთი თავით აღემატებოდნენ და ამაზე შედეგებიც მეტყველებს.

პოლონეთმა 10 მატჩიდან 8 მოიგო, 1 ფრე ითამაშა (ყაზახეთთან) და ერთხელ წააგო (დანიასთან). 25 ქულით პირველი პოზიცია ირგუნა და მეორე ადგილზე გასულ დანიას მთელი 5 ქულით აჯობა.

რუსეთში გასავლელი გზა

19 ივნისი, 2018, მოსკოვი. პოლონეთი – სენეგალი

პოლონეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატზე 19 ივნისს ჩაერთვება და მოსკოვში, სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდება. ეს გუნდები ერთმანეთის წინაშე პირველად წარსდგებიან.

24 ივნისი, 2018, ყაზანი. პოლონეთი – კოლუმბია

პოლონეთი ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს კოლუმბიის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელსაც აქამდე 7-ჯერ შეხვედრია, თუმცა ყოველთვის ამხანაგურად. შესაბამისად, ისინი ოფიციალურ მატჩში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ისე კი, უპირატესობა სამხრეთ ამერიკელთა მხარესაა: 4 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება. პირველად მათი დაპირისპირება 1980 წელს შედგა და პოლონელებმა მოიგეს 4:1, ხოლო ბოლოს, 2006 წლის 30 მაისს. ამჯერზე კოლუმბია უფრო ძლიერი გამოდგა – 2:1.

28 ივნისი, 2018, ვოლგოგრადი. იაპონია – პოლონეთი

ადამ ნავალკას გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში იაპონიას გაეჯიბრება. ევროპელებს აქ დადებითი ბალანსი გააჩნიათ: 6 თამაში, 4 მოგება, 2 წაგება. აღსანიშნავია, რომ 1981 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლამდე ეს გუნდები ოთხჯერ გაიჯბრნენ ამხანაგურად და ოთხივე შეხვედრა ევროპელებმა მოიგეს (2:0, 4:2, 4:1, 3:0).

აი, ბოლო ორი დაპირისპირება კი, იაპონიის სასარგებლოდ დასრულდა. 1986 წლის 19 თებერვალს, 5:0. ხოლო, 2002 წლის 27 მარტს – 2:0.

კონტიგენტი

პოლონეთის ნაკრების შემადგენლობა საკმაოდ კარგადაა დაბალანსებული. ადამ ნავალკას ოთხივე რგოლში ევროპულ ტოპ ლიგებში მოთამაშე და თანაც, კონკურენტუნარიანი მოთამაშეები ჰყავს.

კარს ვოიცეხ შჩესნი დაიცავს, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება. დაცვაში გამორჩეული ფიგურები არიან კამილ გლიკი, მიხალ პაზდანი და ლუკაშ პიშჩეკი.

ნახევარდაცვაში მთავარი დაწოლა გჟეგოჟ კრიხოვიაკზე, პიოტრ ჟიელინსკზე იაკუბ ბლაშჩიკოვსკზე იქნება. შეტევა კი ალბათ ყველაზე სოლიდურად მოსჩანს და მეტწილად ეს რობერტო ლევანდოვსკის დამსახურებაა.

სავარაუდო შემადგენლობა

ვარსკვლავი

პოლონეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი რობერტ ლევადოვსკია, რომელიც ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად მიიჩნევა. 29 წლის ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში დებიუტი 2008 წლის 10 სექტემბერს, სან მარინოს ნაკრებთან ჰქონდა. იქედან მოყოლებული რობერტმა პოლონეთა ღირსება 95 შეხვედრაში დაიცვა და 55 გოლი გაიტანა. უნდა ითქვას, რომ პოლონეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია.

ლევანდოვსკი პირველად ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუმცა ორი წლის წინ, ევროფორუმზე ითამაშა, სადაც 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრები დაამწუხრა. ლევანდოვსკი დიდებულად გაისარჯა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე და 10 მატჩში 16(!) გოლი გაიტანა. შესაბამისად, აქედანაც ჩანს, რამხელად დიდი ძალაა პოლონეთისთვის.

რობერტს ჩინებული საკლუბო კარიერაც აქვს, რომელიც “ჟნიჩში” დაიწყო. მერე იყო პოზნანის “ლეხი”, სახელი კი დორტმუნდის “ბორუსიაში” მოიხვეჭა, სადაც 2010-2014 წლებში ბომბარდირული თვისებები მაღალ დონეზე გამოავლინა.

2014 წლიდან დღემდე მიუნხენის “ბაიერნის” წევრია. ბოლო სამ სეზონში პოლონელმა მხოლოდ ბუნდესლიგის ეგიდით 89 გოლი გაიტანა, რაც ფანტასტიკური შედეგია. აწ დასრულებულ სეზონში კი, ყველა ტურნირის ჩათვლით 48 თამაშში 41 გოლი შეაგდო.

მწვრთნელი

პოლონეთის ნაკრებს უკვე 5 წელია ადამ ნავალკა ავარჯიშებს და მეტად წარმატებულადაც. თავად განსაჯეთ, გუნდმა ორი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალს უწია, ხოლო ახლა მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურიც მოიპოვა 12-წლიანი პაუზის მერე.

არადა, იქამდე 60 წლის სპეციალისტის დიდად გამორჩეული კარიერა არ ჰქონია და ოდენ სამშობლოში უმუშავია. სხვა და სხვა დროს კრაკოვის “ვისლას”, “ზაგლებიეს”, “სანდეციას”, “იაგელონიას”, “კატოვიცესა” და “გორნიკს” ავარჯიშებდა.

ფეხბურთელობისას კი, კარიერის უმეტესი ნაწილი “ვისლაში” გაატარა. 1977-1980 წლებში პოლონეთის ნაკრების მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

პოლონეთი – ტიტულები

არ აქვს.

0.119574