კალათბურთი

12:31 | 11.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მადლობა მაიკლ!

საქართველოს ნაკრებში მაიკლ დიქსონის ორწლიანი ერა დასრულდა. ის მეშვიდე ნატურალიზებული კალათბურთელი იყო ჩვენი ნაკრებისთვის და ძნელია გავიხსენოთ, ასე რომლის წასვლამ დაწყვიტა გული ქართველ ქომაგს.

ორი აზრი არაა, მაიკმა ჩვენში სიყვარული დაიმსახურა და ეს იმ წუთების დამსახურებაა, რაც საქართველოს ნაკრების რიგებში გაატარა. 27 წლის ამერიკელს საქართველოსთვის თავი არასდროს დაუზოგავს და მეტიც, რიგ შემთხვევებში ყველაზე მეტსაც იხარჯებოდა. აი, მაგალითად, მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე შესარჩევ ციკლში ხომ ნაკრების ბომბარიდირი იყო. საერთოდ ასეა, საქართველოს ნაკრებში არცერთი ნატურალიზებული კალათბურთელი ორ წელზე მეტახანს არ დარჩენილა და დიქსონის ქართული კარიერა ამ დროში ჩაეტია.

თუმცა, ეს მაინც გავდა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას, რადგან მაიკლ დიქსონის საქართველოს ნაკრებიდან წასვლას არავინ ელოდა. რამ გამოიწვია ეს ჯერჯერობით უცნობია, სამი ვარიანტია – თავისი სურვილი, სკფ-ის გადაწყვეტილება, ილიას ზუროსის არჩევანი. ალბათ, სიმართლეს უახლოეს მომავალში გავიგებთ, როდესაც ბერძენი სპეციალისტი თბილისში ჩამოვა და თან, მოახლოებული მატჩებისთვის შემადგენლობასაც გაასაჯაროვებს.

მაიკლ დიქსონმა საქართველოს ნაკრებით 14 შეხვედრა ჩაატარა და ვერ გავიხსენებთ ისეთ მატჩს, რომელიც ჩააგდო ან მაქსიმუმი არ გაიღო. მოდით, სტატისტიკას გადავხედოთ:

ევრობასკეტ 2017-ის შესარჩევ ციკლში ანუ, 2016 წელს, მაიკლმა 5 შეხვედრაში ითამაშა და საშუალოდ 30:59 წუთში 16.6 ქულას, 4.2 პასს, 3.1 მოხსნას, 1.2 ჩაჭრას აგროვებდა. უშუალოდ ევრობასკეტ 2017-ის ფინალურ სტადიაზე კი ასეთი სტატისტიკით გამოირჩა: 5 თამაში, 33:41 წუთი, 13.8 ქულა, 5.2 პასი, 1.8 მოხსნა, 1.4 ჩაჭრა.

განსაკუთრებული გამოდგა ნაკრებში ყოფნის ბოლო ნაწილი, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის 4 მატჩი: 36:36 წუთი, 27 ქულა, 5.5. პასი, 4.5 მოხსნა, 1.8 ჩაჭრა. საერთოდაც, ხსენებულ შესარჩევ ეტაპზე დიქსონი ევროპის მასშტაბით საუკეთესო მექულეა - 108 ქულით. ეს ყველაფერი რომ შევაჯამოთ, ასეთ მაჩვენებელს მივიღებთ: 14 თამაში, 470 წუთი, 260 ქულა, 43 მოხსნა, 69 პასი, 17 ჩაჭრა. საშუალოდ მატჩში: 33:33 წუთი, 18.6 ქულა, 4.9 პასი, 3.1 მოხსნა და 1.2 ჩაჭრა.

მოკლედ, მაიკლ დიქსონისა და საქართველოს ნაკრების გზები გაიყარა. ახლა ჯერი ტად მაკფადენზეა, რომელსაც ბევრი ექნება დასამტკიცებელი. პირველ რიგში იმიტომ, რომ დიქსონი უნდა ჩაანაცვლოს, ის დიქსონი, რომელმაც ქართველ ქომაგს თავი ნამდვილად შეაყვარა. ეს დიდი გამოწვევა უნდა გამოდგეს 31 წლის კალათბურთელისთვის, ვნახოთ.

დასკვნების წინასწარ გაკეთება კი უმადური საქმეა. მახსოვს, ორი წლის წინ, დიქსონის საქართველოს ნაკრებში თამაშის წინააღმდეგი ბევრი იყო, თუმცა, პარკეტზე სხვაგვარად დამკტიცდა ყველაფერი. სწორედ ამიტომ, უმჯობესი იქნება მოვლენების განვითარებას დაველოდოთ და მაკფადენიც საქმეში ვიხილოთ.

იქამდე კი, მხოლოდ ორი სიტყვის თქმა შეგვიძლია – მადლობა მაიკლ!

0.176872