ლოს ანჯელეს “გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შვედეთის ნაკრებზე ცინიკურად საუბარს აგრძელებს. 37 წლის ფეხბურთელის განაცხადებით, სკანდინავიელები მის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონები გახდებიან.
“ახლა ისინი ამბობენ, რომ გუნდური თამაში შეუძლიათ, ეს ტიპური შვედეთის ფეხბურთია, რაც ძალიან მოსწონთ. შვედურ მედიას სჯერა, რომ ჩემს გარეშე უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებენ.
სერიოზულად კი, იმედი მაქვს, რომ ჩემპიონი ბრაზილია გახდება”, - განაცხადა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სანაკრებო კარიერა 2016 წელს დაასრულა, თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გუნდში დაბრუნება სურდა. მიუხედავად ამისა, შვედეთის ნაკრებში ზლატანი არ გამოიძახეს.