ვეტერანი ნიგერიელი ფეხბურთელი ნვანკვო კანუ მოსკოვში გაქურდეს. როგორც Daily Mail-ი იტოყიბინება, კანუს შერემეტიევოს აეროპორტში 9 ათასი ევროს ოდენობის თანხა მოპარეს.
აღსანიშნავია, რომ ნიგერიელმა თანხის დაკარგვის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც კალინგრადში ჩავიდა, სადაც ვეტერანთა მატჩში უნდა მიიღოს მონაწილეობა. როგორც ირკვევა, მოპარული თანხა ამოღებულია და ის მფლობელს უახლოეს ვადებში გადაეცემა. დაკავებულია ორი პიროვნება (30 და 36 წლის), რომელთაც თავისუფლების აღკვეთა 6 წლით ემუქრებათ.
თავად ლონდონის “არსენალისა” და მილანის “ინტერის” ყოფილ თავდამსხმელს კი, როგორც ჩანს, ფული დიდად არ აღელვებს და ნიგერიის ნაკრების შესახებ აკეთებს კომენტარს:
“ეს პლანეტის ყველაზე დიდი ტურნირია. ნიგერია კი ჩემპიონატის დიდი სიურპრიზი იქნება, რადგან ჩვენ გვყავს ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც გამარჯვებას მოწყურებულნი არიან. აქ შესანიშნავი გარემოა. სტადიონები და მოედნები ბრწყინვალეა, ყველაფერია, რაც ფეხბურთელებისთვისაა საჭირო”, - განაცხადა კანუმ.