ძიუდო

12:51 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დავით ქევხიშვილი გადადგა

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დავით ქევხიშვილმა დატოვა. ამის შესახებ განცხადება თავად გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მწვრთნელებს, კლუბების წარმომადგენლებს, ძიუდოს გულშემატკივრებს, ნამდვილ ძიუდოისტებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ თქვენდამი უდიდეს პატივისცემას თუმცა ამ შემთხვევაში, როგორც ფედერაციის პრეზიდენტი უნდა დაგემშვიდობოთ. რა თქმა უნდა, აქამდეც შემეძლო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ითხოვდნენ პიროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ძალები, ეს არ გავაკეთე. არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და შესაბამისად სამართლებრივი ინსტიტუტების დღეს, როგორც არასდროს, არამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის პროექტები რომელიც უკანასკნელ პერიოდში დიდი ძალისხმევის და შრომის ფასად შევქმენით ძალიან მალე კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ ძიუდოს და ჩვენს ქვეყანას. პატივისცემით, დავით ქევხიშვილი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქვეხიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.

ქართული ძიუდო ბოლო ერთი თვის განმავლობაში ორ ნაწილადაა გაყოფილი. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა აპრილის ბოლოს გამართული წარუმატებელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვეს და ნაკრების წევრთა უმეტესობამ პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტა. დავით ქევხიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებდა და მას ნდობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შექმნილმა კომისიამაც გამოუცხადა, მაგრამ 31 მაისის ღამეს მხარეებს შორის კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდეგ დაიჭრა საპროტესტო აქციის ერთ-ერთი წევრი, ვეტერანი ძიუდოისტი იოსებ წელაური. სამართალდამცავებმა იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დააკავა ფედერაციის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი ლევან ჟორჟოლიანი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტის ადგილზე დავით ქევხიშვილიც იმყოფებოდა.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციას სათავეში 2012 წლის დეკემბრიდან ედგა.

0.132063