მსოფლიოს ჩემპიონატი – ეს ორი სიტყვა ფეხბურთის გურმანებში ხშირად გულის აჩქარებს იწვევს. ეს, ის ტურნირია, რომელიც 4 წელიწადში ერთი თვე იმართება და ის ტურნირია, რომელიც ყოველ ჯერზე მაყურებელთა რაოდენობის მხრივ რეკორდებს ამყარებს.
ჰოდა, 4-წლიანი ლოდინი თითქმის გასრულდა. 15 დღეც და 21-ე პლანეტის პირველობა ჩვენს განკარგულებაში იქნება. WORLDSPORT.GE მონაწილე ყველა ნაკრების შესახებ დეტალურად ისაუბრებს. უკვე მიმოვიხილეთ A, B, C და D ჯგუფის ბინადრები. ახლა კი, უკვე E ჯგუფის მონაწილეებს ვეცნობით - შვეიცარიის ნაკრები.
მონაწილეობა – 11
შვეიცარიის ნაკრებისთვის დამდეგი მსოფლიოს ჩემპიონატე მე-11 იქნება. წინა 10 ტურნირიდან შვეიცარიელთა საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალია, რომელსაც სამჯერ უწიეს. თუმცა, ამაზე ქვემოთ. მანამდე, სხვა გამოსვლები გავიხსენოთ.
შვეიცარიის ნაკრები მუნდიალზე პირველად მეზობელ იტალიაში 1934 წელს გამოჩნდა და აქედან მოყოლებული 1958 წლამდე ტურნირი არ გამოუტოვებია. სწორედ მაშინდელ პერიოდში გავიდნენ თეთრ-წითლები სამჯერვე მეოთხედფინალში (1934, 1938, 1954 წლებში). 1950 წელს კი, ბრაზილიაში ჯგუფური ბარიერი ვერ დაძლიეს. შვეიცარიის ნაკრები ჯერ იუგოსლავიასთან დამარცხდა (0:3), შემდეგ ბრაზილიას დაუზავდა (2:2) და ბოლოს მექსიკას (2:1) მოუგეს და ეს მხოლოდ მესამე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. სტატისტის როლში იყო შვეიცარია 1962 და 1966 წლების მუნდიალზე, ოდესაც ჯგუფში სამივე თამაში წააგო. ჩილეში, მასპინძელთან, გერმანიასთან და იტალიასთან, ხოლო ინგლისში, გერმანიასთან, ესპანეთთან და არგენტინასთან.
აქედან მოყოლებული შვეიცარიელები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას 1994 წლამდე ვერ ახერხებდნენ. აშშ-ში კი ნავსი გატყდა და გუნდი მერვედფინალში გავიდა. ჯგუფურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა 4 ქულით მას შემდეგ, რაც აშშ-სთან ფრეს (1:1) გამორჩა, დაამარცხა რუმინეთი (4:1) და ბლოს კოლუმბიასთან წააგო (0:2). პლეი-ოფის პირველ სტადიაზე კი ესპანეთმა ადვილად აჯობა (3:0). მერე იყო ორი გამოტოვებული ფინალური ეტაპი (1998 და 2002 წლებში) და მას მერე, შვეიცარია ფინალურ ეტაპზე მუდმივად გადის.
გერმანიაში კობი კუნის გუნდმა ძალიან კარგი შტაბეჭდილება დატოვა. ჯგუფში იპირველა 7 ქულით და უკან თვით საფრანგეთი მოიტოვა. სწორედ ფრანგებთან უგოლო ფრით დაიწყო ის ტურნირი, რასაც ტოგოსა და სამხრეთ კორეის ძლევა მოჰყვა ერთნაირი ანგარიშით 2:0. მერვედფინალში შვეიცარია უკრაინას შეხვდა და 120 წუთში გოლი არ გასულა. პენალტების სერიაში კი უკრაინელებმა იმძლავრეს. სხვათა შორის შვეიცარია ტურნირს დაუმარცხებლად და გოლგაუშვებლად დაემშვიდობა.
2010 წელს, სამხრეთ აფრიკაში თეთრ-წითლებმა ტურნირი მომავალი მსოფლიოს ჩემპიონის და მაშინ მოქმედი ევროპის ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხებით დაიწყო (1:0, თუმცა მერე ჩილესთან 0:1 წააგო. ბოლო ტურში ჯგუფიდან გასასვლელად საჭირო იყო გამარჯვება აუსტაიდერ ჰონდურასთან, მაგრამ მიზანი მიუღწეველი დარჩა (0:0) და შვეიცარია ჯგუფში ჩარჩა. თუმცა, ესპანეთს ერთადერთი მარცხი იმ ტურნირზე სწორედ ამ გუნდმა აგემა... და ბოლოს, ოთხი წლის წინ შვეიცარიელებმა მერვედფინალში თამაში მოახერხეს. ყველაფერი ეკვადორის დამარცხებით დაიწყო (2:1), რასაც საფრანგეთთან უიმედო მარცხი მოჰყვა (2:5). ბოლო ტურში კი მისთვის ნაცნობ ჰონდურასს უკე ადვილად აჯობა – 3:0. მერვედფინალი კი მეტად დრამატული გამოდგა. შვეიცარია ფავორიტ არგენტინის ნაკრებს სან პაულუში გადაეყარა, მაგრამ არაფერი დაუთმო. მეტიც, ძირითად დროში გოლი არ გასულა. საბოლოოდ, არგენტინა შემდეგ ეტაპზე ანხელ დი მარიას 118-ე წუთზე გატანილმა კინკილა გოლმა გაიყვანა.
საუკეთესო შედეგი – 1/4 ფინალი (1934, 1938, 1954)
შვეიცარიელთა მაქსიმუმი აქამდე ყოველთვის მეოთხედფინალი გახლდათ. 1934 წელს, იტალიაში, ტურნირი პლეი-ოფის სისტემით ტარდებოდა და მერვედფინალში ჰოლანდიას (3:2) აჯობა, ხოლო მერე ჩეხოსლოვაკეთთან ამავე ანგარიშით დამარცხდა.
ოთხი წლის შემდეგ გერმანია დაამარცხა პენალტების სერიაში (4:2), ხოლო მეოთხედფინალი უნგრეთთან 0:2 წააგო.
ბოლოჯერ კი შვეიცარიამ 1/4 ფინალს 1954 წელს, სამშობლოში უწია, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე იტალიას (2:1) მოუგო და მერე ინგლისთან (0:2) წააგო. დაინიშნა გადათამაშება, სადაც იტალიას ისევ აჯობა, ამჯერად უფრო ადილად (4:1) და მეოთხედფინალში აღმოჩნდა. სადაც, ავსტრიის ნაკრებთან მეტად უხვგოლიან მატჩში წააგო (5:7).
გზა რუსეთამდე
შვეიცარიის ნაკრებს რუსეთში მოსახვედრად საკმაოდ გრძელი გზის გავლა მოუწია და საბოლოო მიზანს პლეი-ოფში მიაღწია. არადა, ჯგუფურ ეტაპზე ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდმა ჩინებულად ითამაშა და 10-დან საწყისი 9 მატჩი მოიგო. მათ შორის, კონკურენტ პორტუგალიასთან შინ – 2:0. თუმცა, თავის მხრივ, არც ლუზიტანელებს დაუკარგავთ სხვაგან ქულები და ბოლო ტურში გადაწყდა ყველაფერი. ლისაბონში, ევროპის ჩემპიონებმა 2:0 მოიგეს და ბურთების უკეთესი ბალანსით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
შვეიცარიას კი ბედის ძიება პლეი-ოფში მოუხდა, სადაც მეტოქედ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ერგო. ორმატჩიან დუელში ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც ბელფასტურ დაპირისპირებაში რიკარდო როდრიგესმა პენალტით გაიტანა და შვეიცარია მსოფლიოს ჩემპიონატზე.
რუსეთში გასავლელი გზა
17 ივნისი, 2018, როსტოვი. ბრაზილია – შვეიცარია
პეტკოვიჩის გუნდისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი 17 ივნისს, როსტოვში დაიწყება, როდესაც ბრაზილიის ნაკრებს დაუპირისპირდება. “სელესაოსთან” შვეიცარიას უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება, 8:10 ბურთების ბალანსი.
პირველი და ერთადერთი ოფიციალური მატჩი ამ გუნდებს შორის, შორეულ 1950 წელს, ბრაზილიურ მუნდიალზე შედგა და გამარჯვებული არ გამოვლენილა – 2:2. ამას გარდა იყო კიდევ ორი ფრე, ორ სპარინგში: 1956 წელს (1:1) და 1982 წელს (1:1). ბრაზილიამ 1980 წელს (2:0), 1983 წელს (2:1) და 2006 წელს (2:1) მოიგო, ხოლო შვეიცარიელებმა წარმატებას 1989 წელს (1:0) და ამ გუნდთა ბოლო დაპირისპირებაში, 2013 წლის 14 აგვისტოს მიაღწიეს (1:0).
22 ივნისი, 2018, კალინგრადი. სერბეთი – შვეიცარია
შვეიცარია მეორე მატჩს 22 ივნისს, სერბეთის ნაკრებთან ჩაატარებს, რომელსაც პირველად დაუპირისპირება.
27 ივნისი, 2018, ნიჟნი ნოვგოროდი. შვეიცარია – კოსტა რიკა
პეტკოვიჩის ბიჭები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 27 ივნისს, კოსტა რიკასთან გამართავენ. აქ სრული თანაფარდობაა: 2 მატჩი, 1 მოგება, 1 წაგება. 2006 წელს, ამხანაგურ ოთხთა ტურნირზე შვეიცარიამ 2:0 იმძლავრა, ხოლო 2010 წლის 1 ივნისს, სპარინგში კოსტა რიკამ 1:0 მოიგო.
კონტიგენტი
შვეიცარიის ნაკრების შემადგენლობა საერთოდ ჯამში საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ბალანსია ყველა რგოლში. აღსანიშნავია, რომ პეტკოვიჩის რჩეულთა შორის ყველა ლეგიონერია ერთადერთი გამონაკლისის გარდა – მცველი მიახაელ ლანგი “ბაზელის” წევრია.
ლეგიონერები კი ევროპის ტოპ ჩემპიონატებში გამოდიან. კაპიტანია სტეფან ლიხშტაინერი, რომელიც გუნდის ყველაზე სტაჟიანი წვერია 98 მატჩით. აქვეა, “მილანის” განაპირა მცველი რიკარდო როდრიგესი. ნახევარდაცვაში ვალონ ბეჰრამი, ბლერიმ დზემაილი გრანიტ ჯაკა და გუნდის ლიდერი შერდან შაქირი უნდა გამოვყოთ. სხვა პოზიციებთან შედარებით, შეტევა ოდნავ მოიკოჭლებს, სადაც მთავარი ფიგურა ალბათ, ლისაბონის “ბენფიკას” ფორვარდის ჰარის სეფეროვიჩი იქნება. აღსანიშნავია, რომ პეტკოვიჩის შემადგენლობაში ორი გამოცდილი თავდამსხმელი ვერ მოხვდა – ადმირ მეჰმედი და ერენ დერდიოკი.
სავარაუდო შემადგენლობა
ვარსკვლავი
შვეიცარიის ნაკრების მთავარ ლიდერად შერდან შაქირი უნდა განვიხილოთ, რომელსაც მიუნხენის “ბაიერნსა” და მილანის “ინტერში” უთამაშია, ხოლო ბოლო წლებში ინგლისური “სტოკის” ლიდერი იყო. აწ დასრულებულ სეზონში 26 წლის შემტევმა 36 მატჩში 8 გოლის გატანა მოახერხა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, დებიუტი 2010 წელს, ურუგვაისთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა (1:3). პირველი გოლი კი იმავე წლის 7 სექტემბერს, ინგლისთან წაგებულ (1:3) შეხვედრაში გაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შერდანმა 10 მატჩში თავი მხოლოდ ერთხელ გამოიჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ შაქირი მხოლოდ 26 წლისაა, ეს მისთვის მესამე მუნდიალი იქნება. 2010 წელს, ოტმარ ჰიტცფელდმა 18 წლის ფეხბურთელი სამხრეთ აფრიკაში იახლა და ჰონდურასთან ათამაშა კიდეც. გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა მისთვის ოთხი წლიწინანდელი პირველობა. ბრაზილიაში ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. სამი გოლიც გაიტანა და სამივე ჰონდურასთან (3:0) მოგებულ თამაშში. მთლიაობაში “სტოკის” შემტევმა ნაკრებში დღემდე 68 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. გუნდში დღეს მყოფ ფეხბურთელებში ის საუკეთესო ბომბარდირიცაა.
მწვრთნელი
შვეიცარიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატამდე ვლადიმირ პეტკოვიჩმა მიიყვანა, რომელიც გუნდს სათავეში 2014 წლის ივლისიდან უდგას. პეტკოვიჩის გაწვრთნილმა შვეიცარიამ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ითამაშა და მერვედფინალს უწია, სადაც პოლონეთთან ოდენ პენალტების სერიაში წააგო.
54 წლის ბოსნიელის სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს სწორედ შვეიცარიაში, კერძოდ, “ბელინცონაში” დაიწყო. მერე იყო “ლუგანო”, ისევ “ბელინცონა”, “იანგ ბოიზი”, თურქული “სამსუნსფორი”, “სიონი” და რომის “ლაციო”. სწორედ იტალიურ კლუბსი მიაღწია პეტკოვიჩმა ყველაზე დიდ წარმატებას, როდესაც “აწივებს” იტალიის თასი მოაგებინა. ეს წარმატებით იმით ფასობს, რომ “ლაციომ” ფინალში “რომა” დაამარცხა და ამ ფაქტით “ბიანკოჩელესტეს” ქომაგები დღემდე ამაყობენ.
საფეხბურთო კარიერა კი გამორჩეული არაფრით ყოფილა. ძირითადი ნაწილი სამშობლოში და შვეიცარიაში გაატარა.
შვეიცარია – ტიტულები
არ აქვს.