ინგლისური “ლივერპულისა” და ეგვიპტის ნაკრების შემტევი მოჰამედ სალაჰი ტრავმის შესახებ საუბრობს. 25 წლის ფეხბურთელს სჯერა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს.
“ძალიან მძიმე ღამე იყო. მაგრამ, მებრძოლი ვარ და მიუხედავად ყველაფრისა, დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთში წავალ. თქვენი სიყვარული და მხარდაჭერა მომცემს ძალას, რომელიც მჭირდება”, - დაწერა სოციალურ ქსელში ეგვიპტელმა.
ამასობაში, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ექიმი აბუ ელა იმედიანადაა განწყობილი სალაჰის მუნდიალზე თამაშთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან შეჯახებისას მხარი დაიზიანა და ჯერჯერობით უცნობია დანამდვილებით რამდენი ხანი მოუწევს უქმობა.