ფეხბურთი

23:10 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ხარისხი - მთელ საქართველოს!

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელის ბატონი ილია კოკაიას ფინანსური ხელშეწყობით ჩვენი კლუბის საკუთრებაში საძირკვლიდან აშენებული ორი საფეხბურთო ბაზა გახლავთ: ერთი ბაზა ზესტაფონში მდებარეობს და მის ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის სტანდარტული ზომის სამი საფეხბურთო მოედანია განლაგებული; რაც შეეხება თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ულტრათანამედროვე სპორტულ კომპლექსს, იქ ორი მოედანი ფუნქციონირებს და იმითაა საქვეყნოდ ცნობილი, რომ სწორედ მის მინდვრებზე აგერ უკვე 2,5 წელიწადია საქართველოს ეროვნული ნაკრები ვარჯიშობს ...

ჩვენი კლუბის ორივე ბაზაზე, ისევე როგორც დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე, მწვანე საფარის დაგების პროცესში, საფარის ხარისხსა და მისი ექსპლუატაციისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნაში თავის უდიდესი ყოველდღიური წვლილი შეაქვს კომპანია "Lawns of Georgia"-ს, რომელიც საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მფლობელთა ძალისხმევითაა შექმნილი და საქართველოში უმაღლესი ხარისხის ლანდშაფტური და UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითაა დაკავებული.

როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჩვენს კლუბს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მოსამზადებელ შეკრებებს სწორედ თბილისის ზღვის მახლობლად მდებარე ჩვენს ბაზაზე ატარებს... გარდა ამისა, ჩვენს ქვეყანაში უეფას ეგიდით ბოლო წლებში გამართული U21, U19 და U17 ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ყველა შესარჩევი ტურნირის მონაწილე გუნდები სწორედ ზესტაფონელთა თბილისური ბაზის მინდვრებზე ვარჯიშობდნენ...

თბილისში მოქმედი სპორტული კომპლექსის მწვანე მინდვრებზე 2017 წლის ივნისის თვეში საქართველოში გამართული რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის მატჩებისათვის ემზადებოდნენ ამ ტურნირის მონაწილე ირლანდიისა და ახალი ზელანდიის გუნდები... ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენს თბილისურ ბაზაზე საწვრთნელი შეკრება არაერთმა ქართულმა, ირანულმა და აზერბაიჯანულმა საკლუბო გუნდმა გაიარა. ზესტაფონელთა საფეხბურთო კომპლექსის საფეხბურთო მინდვრებზე მომზადების სურვილს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი საკლუბო თუ სანაკრებო გუნდი ახლაც გამოთქვამს, ხოლო ივნისის ბოლოს ჩვენს ბაზაზე საზაფხულო "კემპს" მილანის "ინტერი" გამართავს...

არავისთვისაა ახალი, რომ ჩვენი კლუბიც და მისი პარტნიორი კომპანიაც, დიდ ყურადღებას აქცევენ მათ ხელში არსებული ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებასა და შემდგომ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, კომპანია "Lawns of Georgia"-ს ძალებით, სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ამოქმედებულ იქნა მეურნეობა, რომელიც UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სპორტული დანიშნულების რულონური გაზონების დამზადებითა და სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობითაა დაკავებული. რაც შეეხება საფეხბურთო მინდვრებს, ისინი 10 ჰექტრამდე ფართობზეა გაშენებული...

თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, კომპანიის მიერ წარმოებული მწვანე საფარის საქვეყნოდ აღიარებული ხარისხისა და მისი (კომპანიის) პატრონაჟის ქვეშ არსებული საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ურთიერთობის მრავალწლიანი და სასარგებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო სტადიონებზე საქართველოშივე წარმოებული უმაღლესი ხარისხის ნატურალური საფარის დაგების მიზნით, გაზონების შეძენა სწორედ კომპანია "Lawns of Georgia"-საგან გადაწყვიტა.

უკვე რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელ ჭალადიდში მიმდინარეობს რულონური გაზონის მოჭრასთან დაკავშირებული სამუშაოები და ახალი დანიშნულების ადგილამდე მისი ტრანსპორტირების პროცესი. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, პირველ ეტაპზე კომპანია "Lawns of Georgia"-ს პროდუქცია საქართველოს 5 ქალაქის სტადიონზე დაიგება - საუბარია ფოთის,ქობულეთის, სამტრედიის, წყალტუბოსა და საჩხერის საფეხბურთო არენებზე.

ჩვენ კი ჭალადიდის მეურნეობაში დღესდღეობით მიმდინარე სამუშაოების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ...

ს.კ "ზესტაფონის" პრესსამსახური

თეგებიზესტაფონი
0.159613