იტალიური “მილანის” გულშემატკივრებსა და მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმას შორის დაძაბული ურთიერთობაა. “ატალანტასთან” (1:1) ნამატჩევს, “როსონერის” ფეხბურთელები ლეონარდო ბონუჩი, ალესიო რომანიოლი და ინაციო აბატე ტიფოზების სექტორთან მივიდნენ და მაისურები უსახსოვრეს.
მალევე, იგივეს გაკეთება ჯიჯომ დააპირა – მივიდა გულშემატკივრებთან, მაგრამ რად გინდა, ფანებმა დონარუმას მაისურზე უარი განაცხადეს და 19 წლის კიპერს მაისურთან ერთად გასახდელში იმედგაცრუებულს მოუწია დაბრუნება.
ჯანლუიჯი დონარუმამ რამდენიმე დღის წინ, იტალიის თასის ფინალში “იუვენტუსთან” (0:4) ძალიან ცუდი მატჩი ჩაატარა და როგორც ჩანს, გულშემატკივართა გულისწყრომაც ამან განაპირობა...