ყველაფერი დასრულდა – ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია! მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ზედიზედ მეშვიდე და საერთო ჯამში 34-ე სკუდეტო დედაქალაქში, “რომასთან” უფერული და უგოლო ფრით გაიფორმა.
შეხვედრა იმდენად მოსაწყენი გამოვიდა, რომ საგოლე მომენტები არცერთ გუნდს არ ჰქონია. შესბაამისად, ამ მატჩის აღწერით თავს ვერ შეგაწყენთ. უბრალოდ ის ვთქვათ, რომ “იუვემ” 92 ქულა დააგროვა და “ნაპოლისთვის” მიუწვდომელი გახდა. “იუვენტუსმა” მიჯრით მეშვიდედ მოიგო სკუდეტო და ასეთი სერია აქამდე არავის ჰქონია. წინა რეკორდიც ტურინელებს ეკუთვნოდათ, მიჯრით 6 ჩემპიონობა. ტურინელებმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩში შეძლეს კარის მშრალად შენახვა და ესეც იტალიის ჩემპიონატის რეკორდია... სკუდეტოს კი საზეიმოდ ერთი კვირის თავზე ტურინში ჩაიბარებს, როდესაც “იუვე” “ვერონას” დაუხვდება. ამ შეხვედრაში რამდენიმე გაცილებაც იგეგმება, მაგრამ მთავარი კი, ლეგენდარული ჯიჯი ბუფონის ფეხბურთიდან გაცილება იქნება. მოკლედ, შევხდებით ტურინში...
“ნაპოლიმ” კი გენუაში “სამპდორიას” მოუგო 88 ქულა დააგროვა და მაინც უტიტოლ დარჩა. არადა, ამ ქულათა რაოდენობით ბევრი ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ არა იტალიაში. როგორც უნდა იყოს, აფერუმ მაურიციო სარის და მის გუნდს, რომელმაც დიდებული სეზონი ჩაატარა და გათამაშებას ინტრიგა ბოლომდე ჰქონდა.
“რომა” ჩემპიონთა ლიგაზეა, მაგრამ მეოთხე გუნდის ვინაობა ჯერ კიდევ გასარკვევია. “ინტერის” მარცხის შემდეგ “ლაციოს” დიდებული შანსი ჰქონდა ყველაფერ დაესრულებინა, მაგრამ სიმონე ინძაგის გუნდმა საჩუქარი ვერ შეირგო და ტავადაც დაკარგა ორი ქულა. ვინძლო, საბედისწერო. “ლაციალე” დასარჩენად მებრძოლ “კროტონეს” ეწვია და ჯერ უგებდა, მერე აგებდა და საბოლოოდ ფრეს გამორჩა. ფრეს, რომელიც სხვათა შორის, არც რომაელებს აწყობდათ და არც “კროტონეს”. რატომ? – საქმე ისაა, რომ “ლაციო” “ინტერს” 3 ქულით უსწრებს და ბოლო ტურში სწორედ “ნერაძურის” უმასპინძლებს. მაგრამ თუ მილანელები მოიგებენ, ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ლუჩანო სპალეტის გუნდი გავა, რომელსაც თანაბარი ქულების შემთხევაში ურთიერთშეხვედრებში ექნება უპირატესობა. მოკლედ, “ლაციოსთვის” დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა კროტონეში ქულას მოიპოვებდა და თუ დამარცხდებოდა. ახლა კი, ბოლო ტურში უცილობლივ მართებს, რომ არ წააგოს, თორემ სეზონის კოშმარული დასასრული გამოუვა.
აი, “კროტონე” კი მიუხედავად ქულისა გასავარდნ ზონაში ჩაეშვა და იქედან ამოსვლა გაუჭირდება. საქმე ისაა, რომ კალაბრიელები ბოლო ტურში ნეაპოლში ჩადიან და მიუხედავად იმისა, რომ “ნაპოლი” უმოტივაციოა, საეჭვოა სეზონის ბოლო თამაშს საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ სერიოზულად არ მიუდგეს.
რახან გასავარდნი ზონა ვახსენეთ, ბარემ ვთქვათ: “კროტონეს” დარად 35 ქულა აქვს “სპალს”, რომელმაც ტურინში “ტორინოსთან” ტაიმი მოიგო, მაგრამ საბოლოოდ თამაში წააგო და უქულოდ დარჩა. ლეონარდო სემპლიჩის გუნდი ბოლო ტურში “სამპდორიას” მასპინძლობს და თუ მოიგებს, უსათუოდ შეინარჩუნებს ადგილს ელიტაში, რადგან “კროტონეს” პირად მატჩებში სჯაბნის. თუმცა, “სპალს” შანსი ისეც აქვს, თუ “კროტონე” უქულოდ დარჩება, აუცილებლად გავარდება.
ოდნავ ამოისუნთქეს “უდინეზემ”, “კიევომ” და “კალიარიმ”. უდინელებმა 12-მატჩიანი მოუგებელია სერია ვერონაში, უკვე გავარდნილ “ჰელასთან” გამარჯვებით დაასრულეს და 37 ქულა დააგროვეს. შესაბამისად, მასზე უკან გავარდნის სამი კანდიდატია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგორ ტუდორის გუნდი გაისადაც სერია ა-ში ითამაშებს. იგივე ითქმის “კიევოზე”, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. ამჯერად სტუმრად “ბოლონიასთან” – 2:1. მასპინძლები სიმონე ვერდის გოლით იგებდნენ, მაგრმა ემანუელე ჯაკერინიმ და რობერტო იგნლეზემ “მფრინავ ვირებს” სასიცოცხლო სამი უქლა მოუტანეს. “კალიარი”, რომელიც გასავარდნ ზონაში იყო ამ ტურამდე და საერთოდაც გავარდნის მთავარ კანდიდატად განიხილებოდა. მაგრამ, სარდინიელებმა მოულოდნელად ფლორენციაში, ევროპა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ფიორენტინა” ლეონარდო პავოლეტის გოლით ძირს დაანარცხეს და 36 ქულით “კროტონე”, “სპალის” დუეტი მოიტოვეს უკან. დიეგო ლოპესის გუნდს ჯერ არაფერი აქვს გარანტირებული, მაგრამ წინ დიდი ნაბიჯი ნამდვილად გადადგა.
აი, “ფიორენტინა” კი დაემშვიდობა ევროპა ლიგის საგზურს. აქ ყველაფერი გადაწყვიტა ბერგამოულმა მატჩმა “ატალანტასა” და “მილანს” შორის, რომელიც ორივე გუნდისთვის სასურველი ფრით (1:1) დასრულდა. ფრანკ კესიემ ყოფილი გუნდი დაამწუხრა, მაგრამ ანდრეა მაზიელომ ბოლოსკენ გაათანაბრა. ეს მატჩი გამოირჩა უხეშობით. მსაჯმა 10 ყვითელი და 2 წითელი ბარათი გამოიყენა და ამით მიმდინარე სეზონის რეკორდი დამყარდა.
2017-2018 წლების სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია. ტური, რომელიც ბევრ რამეს გვპირდება – “იუვენტუსის” საჩემპიონო ზეიმი, ჯიჯი ბუფონის გაცილება, ჩემპიონთა ლიგის საგზურის ბედი და “ლაციო” – “ინტერის” სუპერჯახი. და, ასევე, გასავარდნი გუნდის ვინაობის გაგება...
“ბოლონია” – “კიევო” 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 ვერდი (12, პენ), 1:1 ჯაკერინი (48), 1:2 ინგლეზე (60)
“კროტონე” – “ლაციო” 2:2 (1:1)
გოლები: 0:1 ლულიჩი (17, პენ), 1:1 სიმი (29), 2:1 ჩეკერინი (61), 2:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (84)
“ფიორენტინა” – “კალიარი” 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 პავოლეტი (37)
“ვერონა” – “უდინეზე” 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ბარაკი (20)
“ტორინო” – “სპალი” 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 გრასი (22), 1:1 ბელოტი (68), 2:1 დე სილვესტრი (87)
“ატალანტა” – “მილანი” 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 კესიე (60), 1:1 მაზიელო (90)
“რომა” – “იუვენტუსი” 0:0 (0:0)
“სამპდორია” – “ნაპოლი” 0:2 (0:0)
გოლები: 0:1 მილიკი (72), 0:2 ალბიოლი (80)