იაპონური “ვისელ კობეს” გერმანელი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი შესაძლოა მშობლიურ “კიოლნს” დაუბრუნდეს. მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებულ “თხებში” ლუკასის გამოჩენას ჯერჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
“ყველამ იცის ჩემი ურთიერთობუს შესახებ კლუბთან და ქალაქთან, სადაც გავიზარდე და სადაც 6 წელი გავატარე. ჩემი გრძნობები არ შეცვლილა”, - განუცხადა პოდოლსკიმ Sky-ს.
პოდოლსკის შესაძლო დაბრუნებას არ გამორიცხავს “კიოლნის” აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდერ ვერლეც:
“ლუკასი ჩვენი ისტორიის ძვირფასი ნაწილია და ყოველთვის ასე იქნება. ფეხბურთში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ჩვენ ახლახან დავქვეითდით, ხოლო პოდოლსკის იაპონიაში კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს. თუმცა, ფეხბურთის ღმერთს შეუძლია ყველაფერი ისე გადაწყვიტოს, რომ ჩვენ ამის შესახებ არც ვიცოდეთ”, - განაცხადა ვერლემ.
ლუკას პოდოლსკი “კიოლნის” აკადემიაში 1995-2003 წლებში ირიცხებოდა, ხოლო მთავარი გუნდში 2003-2006 წლებში ითამაშა. “ბაიერნში” წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, 2009 წელს ისევ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა და 2012 წლამდე ემსახურა.
პოდოლსკიმ ბოლო 6 წელიწადში “არსენალის”, “ინტერის”, “გალათასარაისა” და “ვისლე კობეს” რიგებში მოასწრო თამაში. აღსანიშნავია, რომ "კიოლნს" იონას ჰექტორმაც უერთგულა, რომელმაც კონტრაქტი 2023 წლამდე მას შემდეგ გაახანგრძლივა, რაც მისი გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა.