ფეხბურთი

23:37 | 29.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

როდესაც სიმეონეები წყალს "იუვენტუსის" წისქვილზე ასხამენ

იყო დიეგო სიმეონე, არის ჯოვანი სიმეონე. მამა-შვილის საფეხბურთო (საკლუბო) კარიერა დიდწილად იტალიის სერია A-სთან ასოცირდება.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი კი საჩემპიონო რბოლით ერთობ გამორჩეულია. “ნაპოლი”, რომელსაც პრეტენზია ნამდვილად გააჩნდა სკუდეტოს მოგებაზე, ფლორენციაში ჩავიდა, მაგრამ “არტემიო ფრანკიზე” თურმე კარგი დღე არ ელოდა. ამაში პირველი “დამნაშავე” ჯოვანი სიმეონეა. არგენტინელმა კარიერის მატჩი ჩაატარა საჩემპიონოდ მომართული “ნაპოლის” წინააღმდეგ და ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოკლედ, სიმეონემ “იუვენტუსს” საქმე შეუმსუბუქა და ზედიზედ მეშვიდე სკუდეტოს მიუახლოვა.

და, რა შუაშია ამასთან მამამისი დიეგო?

2001-2002 წლების სეზონი ალბათ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული გამოდგა. ბოლო ტურის წინ “ინტერი” ლიდერი გახლდათ (69 ქულა), ხოლო “იუვენტუსი” მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა (68 ქულა). ბოლო ტურში, “ბებერი ქალბატონი” უდინეს ეწვია და ადვილად გაიმარჯვა (2:0). შესაბამისად, “ინტერს” რომში, “ლაციოსთან” აუცილებლად უნდა მოეგო.

იმხანად დიეგო სიმეონე “ლაციალეს” ღირსებას იცავდა (მანამდე “ინტერის” ფეხბურთელიც იყო). ბობო ვიერიმ გახსნა კიდეც ანგარიში, მაგრამ კარელ პობორჟსკიმ გაათანაბრა მალევე. შემდეგ ჯიჯი დი ბიაჯომ “ინტერნაციონალე” ისევ დააბრუნა პირველ ადგილზე, მაგრამ ჩეხმა პობორჟსკიმ ტაიმის ბოლოს მეორედ გაათანაბრა. აი, მეორე ნახევარში კი, სწორედ სიმეონემ დაამწუხრა “ინტერი” და მისი საჩემპიონო ამბიცია გვერდზე გადადო. საბოლოოდ, “ინტერმა” მაშინ 2:4 წააგო და ჩემპიონი “იუვენტუსი” გახდა.

“იუვენტუსის” დიდი ალბათობით ჩემპიონი ამჯერადაც გახდება. როგორც მაშინ, ახლაც ამაში სიმეონეების წვლილი იქნება. ნებსით თუ უნებლიეთ, მამა-შვილმა “ბებერი ქალბატონის” წისქვილზე წყალი ორჯერ დაასხეს...

0.115466