საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგაში დღეს 2 მატჩია დაგეგმილი, რომელთაგან 1 ქუთაისში გაიმართება, თბილისური მატჩი კი დასრულდა. ოლიმპიურ სასახლეში თბილისის "დინამომ" მარნეულის "დელტას" უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 90:67 დაამარცხა.
ქვემოქართლური გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. “დელტამ” დღეს თემურ კანკიას გარეშე ითამაშა, რომლის ასისტენტის, ბექა ქარცივაძის განცხადებით, გუნდში გარკვეული სახის პრობლემებია. მთავარი მწვრთნელის გარდა მარნეულელებს დისკვალიფიცირებული ლევან ფაცაცია აკლიათ და ისეთი მებრძოლი ხასიათი ვერ გამოავლინეს, როგორც “დინამოსთან” წინა მატჩებში. აღსანიშნავია, რომ ქვემოქართლელებმა მოქმედ ჩემპიონს რეგულარული ჩემპიონატის წინა ორი მატჩი მოუგეს – 100:92 და 77:75.
დღევანდელ მატჩში თანაბარი ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში შედგა, რომელიც 18:18 დასრულდა. მეორე მეოთხედი დინამოელებმა 27:13 მოიგეს, 14 ქულით დაწინაურდნენ და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. საბოლოოდ, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა “დინამომ” 90:67 იმარჯვა და და მეორე ადგილზე გამაგრდა. თბილისელებს 20 ქულით და 9 მოხსნით კაელ ტურპინმა ულიდერა. 11 ქულა და 16 მოხსნა დააგროვა ილია ლონდარიძემ, ხოლო ლაველ ბოიდმა პირად ანგარიშზე 17 ქულა ჩაიწერა. “დელტას” შემადგენლობაში 21 ქულითა და 9 მოხსნით დაუკეთესო იყო არტიომ შვეცი, 16 ქულით დაასრულა შეხვედრა ზვიად ანთაძემ.
“დინამოს” რეგულარულ ჩემპიონატში 1 მატჩი დარჩა – “ბათუმთან”. “დელტა” კი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს 30 აპრილს ტყიბულში – “ქუთაისთან” ითამაშებს.
დელტა – დინამო 67:90
მატჩისშემდგომი კომენტარები
ირაკლი ხოშტარია (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): რეგულარული ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი შეხვედრების მოგება. წინ პლეიოფის მატჩები გველოდება და მთავარია შესაბამის მზადყოფნაში ვიყოთ, რათა გავაგრძელოთ წარმატებული ასპარეზობა.
ბექა ქარცივაძე (“დელტას” მწვრთნელი): “თავიდან მეტოქეს გავუწიეთ წინააღმდეგობა, თუმცა შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ტემპის შენარჩუნება. გუნდში გარკვეული პრობლემებია – რამდენიმე მოთამაშე ტრავმირებულია, არ გვყავდა ასევე მთავარი მწვრთნელი. “დინამო” საკმაოდ ძლიერი გუნდია და მოგების შანსი არ დაგვიტოვა. ჩვენი მიზანია, სეზონი ღირსეულად ჩავამთავროთ”.
gbf.ge