ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა France Football-ი ანდრეს ინიესტას ბოდიშს უხდის. რატომ? – 2010 წელს “ოქროს ბურთის” ვერმოგების გამო. გამოცემის დირექტორმა აღიარა, რომ მაშინ საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს ლიონელ მესიზე მეტად “დონ ანდრესი” იმსახურებდა.
“ბოდიში, ანდრეს! ცხოვრება უფრო ადვილია, როდესაც თანაგუნდელი შენ ხარ. შენს გარეშე მესი არ იქნებოდა ისეთი კარგი “ბარსელონაში”, როგორიც დღესაა. ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რომ შენ “ოქროს ბურთი” არ გაქვს მოგებული. ვაღიარებთ, 2010 წელს ეს ტიტული შენ გეკუთვნოდა.
როდესაც “ოქროს ბურთის” გამარჯვებულებზე ვსაუბრობთ, ინიესტა ძალიან მტკივნეული დანაკლისია. იმედია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებ და ეს იქნება სრული სამართლიანობა”, - აღნიშნავს France Football-ის დირექტორი პასკალ ფერე.
შეგახსენებთ, რომ 2010 წელს “ოქროს ბურთი” ლიონელ მესიმ მოიგო. ეს, ერთ-ერთ ყველაზე საკამათო გადაწყვეტილებად ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი კონკურსის ისტორიაში. მაშინ, ინიესტამ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიგო და ფინალში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.
გარდა ამისა, ბევრი მიიჩნევს, რომ მაშინ საუკეთესოობას ვესლი სნეიდერი იმსახურებდა, რომელმაც “ინტერთან” ერთად ყველაფერი მოიგო და მუნდიალის ფინალშიც ითამაშა. საბოლოოდ, ჰოლანდიელი მეოთხე ადგილზე გავიდა, ინიესტა მეორეზე, მესი – პირველზე.