არნემის “ვიტესის” ქართველი კაპიტანი გურამ კაშია ლეონიდ სლუცკის შესახებ საუბრობს, რომელიც ჰოლანდიური გუნდის მთავარი მწვრთნელი 1 ივლისიდან გახდება.
კაშიას განცხადებით, სლუცკი ერეიდივიზიონში სიახლეებს დანერგავს და მასთან მუშაობა საინტერესო იქნება.
“მასთან ჯერ კიდევ არ მისაუბრია, მაგრამ ეს მალე მოხდება. ეროვნულ ნაკრებში მყავს თანაგუნდელები, რომლებიც რუსეთში თამაშობენ და სლუცკიზე მხოლოდ კარგი მსმენია. მან იქ ყველაფერი მოიგო და ეს ადვილი არაა. ძალიან საინტერესო იქნება ჰოლანდიის ჩემპიონატისთვის მისი მუშაობა. ეს იქნება ახალი გამოცდილება მწვრთნელთან, რომელსაც საერთაშორისო დონეზე უმუშავია. ლეონიდ სლუცკი ერედივიზიონში სიახლეს მოიტანს”, - ციტირებს კაშიას სიტყვებს Omroep Gelderland-ი.
შეგახსენებთ, ლეონიდ სლუცკი ზაფხულიდან “ვიტესს” ოფიციალურად ჩაიბარებს. არნემული გუნდი ერეიდივიზიონში ამჟამად 45 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.