ფეხბურთი

3:37 | 19.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: "მაკრატელამ" საჩემპიონო ინტრიგა დააბრუნა და წინ ფინალია! (+VIDEO)

25 აპრილი, 22:45 საათი, სერია A, XXXIV ტური, ტურინი, “ალიანც სთედიუმი”, “იუვენტუსი” – “ნაპოლი”. თითქოს, რიგითი, სეზონის კალენდარული შეხვედრა, მაგრამ არა, ფინალის ტოლფასი მატჩი! მომავალი დაპირისპირება ყველა კითხვას, რომელიც მთელი სეზონია არსებობს, საბოლოოდ გასცემს პასუხს.

ოთხი დღის წინ, “იუვენტუსმა” “ნაპოლისთან” ქულათა სხვაობა 6-მდე გაზარდა, მაგრამ სკუდეტოსთვის ბრძოლა ახლა კიდევ უფრო დაიძაბა. ამის მიზეზი კი, “კროტონეა”, რომელმაც “ბებერ ქალბატონს” არაფერი დაუთმო და გამარჯვება არ დაანება. უნდა ითქვას, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საშინელი ფეხბურთი აჩვენა და 3 ქულა არც დაუმსახურებია. არადა, ალექს სანდროს გოლით “იუვე” დასაწყისშივე დაწინაურდა და მერე შეტევებით თავს აღარ იკლავდა. ვერც ვალტერ ძენგას გუნდი უქმნიდა საფრთხეს, მაგრამ 65-ე წუთზე ტურინელთა კარში გოლი შედევრი გავიდა. ნვანკვო სიმიმ კრიშტიანუ რონალდუ “იუვენტუსის” მილიონობით გულშემატკივარს გაახსენა. საქმე ისაა, რომ კალაბრიელთა შემტევმა მაკრატელა დარტყმით გაუტანა ვოიცეხ შჩესნის. მიმდინარე თვეში “იუვეს” კარში უკვე ორი მაკრატელა გავიდა... მოკლედ, ტურინელებმა ვერ მოიგეს და ვინძლო, ეს ქულა ძალიან, ძალიან ძვირად, ტიტულის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ დარჩენილი 5 ტურიდან ალეგრის ბიჭებს “ნაპოლის”, “ინტერისა” და “რომას” კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. თანაც, ორ უკანასკნლეთან საგარეო კედლებში. მოკლედ, როგორც ჩანს, გარკვეული ჯერაც არაფერია და “იუვენტუსისთვის” გასულ ტურში ზეიმი ნაადრევიც იყო.

“ნაპოლი” მთელი თამაში აგებდა შინ “უდინეზესთან” – ჯერ 0:1, მერე, 1:2, მაგრამ როგორც ნეაპოლში გაიგეს, რომ “კროტონემ” გაათანაბრა, მაურიციო სარის ბიჭები ვეღარაფერმა შეაკავა და შედეგიც სახეზეა – 4:2. “ნაპოლის” ახლა უნიკალური შანსი აქვს, ოღონდ ამისთვის ფინალის დარ მატჩში, სტუმრად, საკუთარ თავს უნდა გადაახტეს და გაიმარჯვოს. აი, ეს თუ მოახერხა, მერე ნამდვილად შეგვიძლია “ნაპოლი” სკუდეტოს მთავარ ფავორიტად მოვიხსენიოთ, რადგან კალენდარი “აძურისთვის” გაცილებით ადვილია, ვიდრე “ბიანკონერისთვის”. ვნახოთ, ფაქტია, ძალიან მაგარი 90 წუთი გველოდება კვირა საღამოს. დანდობა არ იქნება, სასწორზე ხომ ტიტული დევს?!

ფიცხელი ბრძოლაა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვისაც. “ინტერის” გუშინდელი გამარჯვების შემდეგ, “რომას” ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა ძალების დაზოგვით “ჯენოა” დაამარცხა. მეორე რომაული გუნდი, “ლაციო” კი ფლორენციაში ჩავიდა და თრილერში გამოვიდა გამარჯვებული.

ორივე გუნდი უკვე მე-14 წუთისთვის კაცნაკლულნი იყვნენ მოედანზე, ხოლო მერე ჯორდან ვერეტუმ დუბლი გაიფორმა და “იებმა” სოლიდური ფორა მიიღეს. მაგრამ, “ლაციოს” სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ანტრაქტამდე მოხერხდა წონასწორობის აღდგენა. მერე ვერეტუმ ისევ დააწინაურა “ფიორენტინა”, მაგრამ მასპინძლებს გამარჯვება და ქულების მოპოვება არ ეწერათ ამ შეხვედრაში. ფელიპე ანდერსონისა და ლუის ალბერტოს გოლებით სიმონე ინძაგის გუნდმა თამაში შემოატრიალა და ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც დაბრუნდა. “ფიორენტინამ” კი, წაუგებელი სერია შეწყვიტა, მაგრამ ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

იგივე ითქმის, “ატალანტაზე”, “სამპდორიაზე” და “მილანზეც”. ჯენარო გატუზოს გუნდი ერთი ხანობა ოთხეულზე აცხადებდა პრეტენზიას, მაგრამ ახლა საქმე ისე წავიდა, რომ მთავარი მიზანი ევროპა ლიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებაა. “როსონერიმ” ამჯერზე ტურინში დაკარგა ორი ქულა, სადაც “ტორინოს” უგებდა ჯაკომო ბონავენტურას ულამაზესი გოლით, მაგრამ მეორე ნახევარში ლორენცო დე სილვესტრიმ გაათანაბრა. მოიგო “სამპდორიამ”, რომელსაც დუვან ძაპატას კინკილა გოლიც ეყო, ხოლო “ატალანტამ” სტუმრად განწირული “ბენევენტო” გაანადგურა – 3:0.

რაც შეეხება გასავარდნ ზონას – “სასუოლომ” შეიძლება ითქვას, ოქროს სამი ქულა მოიპოვა ვერონაში, სადაც მაურისიო ლემოსის გოლით “ჰელასი” დაამარცხა. თავის მხრივ, ვერონელთა მძიმე სიტუაცია, კიდევ უფრო დამძიმდა. “კროტონემ” “იუვენტუსთან” კი მოიპოვა ქულა, მაგრამ ჯერაც გასავარდნ ზონაში დარჩა, რადგან ისევ არ წააგო “სპალმა”. ლეონარდო სემპლიჩის გუნდმა ამჯერზე ქულა საკუთარ მოედანზე, ერთ-ერთ კონკურენტ “კიევოსთან” მოიპოვა (0:0).

ახლა ჯერი 34-ე ტურზეა. სწორება ტურინისკენ იქნება, სადაც საჩემპიონო მატჩი შედგება...

“ბენევენტო” – “ატალანტა” 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ფროილერი (21), 0:2 ბაროუ (49), 0:3 გომესი (68)

“კროტონე” – “იუვენტუსი” 1:1 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 ალექს სანდრო (16), 1:1 სიმი (65)

“ვერონა” – “სასუოლო” 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ლემოსი (38)

“რომა” – “ჯენოა” 2:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ჯენგიზ იუნდერი (17), 2:0 ძუკანოვიჩი (53, ა.გ), 2:1 ლაპადულა (61)

“სპალი” – “კიევო” 0:0 (0:0)

“ნაპოლი” – “უდინეზე” 4:2 (1:1) VIDEO

გოლები: 0:1 იანკტო (41), 1:1 ინსინიე (45), 1:2 ინგელსონი (55), 2:2 ალბიოლი (64), 3:2 მილიკი (70), 4:2 ტონელი (75)

“სამპდორია” – “ბოლონია” 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ძაპატა (90)

“ტორინო” – “მილანი” 1:1 (0:1) VIDEO

გოლები: 0:1 ბონავენტურა (9), 1:1 დე სილვესტრი (70)

“ფიორენტინა” – “ლაციო” 3:4 (2:2) VIDEO

გოლები: 1:0 ვერეტუ (16), 2:0 ვერეტუ (31, პენ), 2:1 ლუის ალბერტო (39), 2:2 კასერესი (45), 3:2 ვერეტუ (54), 3:3 ფელიპე ანდერსონი (70), 3:4 ლუის ალბერტო (72)

თეგებისერია A
0.463988