ფეხბურთი

2:15 | 8.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ჩემპიონობას უახლოვდება

იტალიის სერია A-ს 31-ე ტური ოთხი შეხვედრით დაიწყო. ყველაფერმა კი სტარტი ლიდერისა და აუსტაიდერის დაპირისპირებით აიღო. ბევრისთვის მოულოდნელად “ბენევენტომ” “იუვენტუსს” მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და გვარიანადაც ანერვიულა. “იუვე” მართლაც ახლოს იყო ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი ვერ მოეგო დებიუტანტთან (“სპალის” შემდეგ), მაგრამ ბოლოსკენ კლასმა თავისი გააკეთა.

როგორც ჩანს, “ბებერი ქალბატონი” “რეალთან” მარცხით გამოწვეული შოკისგან ბოლომდე ჯერაც ვერ გამოვიდა. ყოველშემთხვევაში, “ჩირო ვიგორიტეზე” ტურინელები თავის თავს არ გავდნენ, მაგრამ ეგაა, რომ მოიგეს. პაულო დიბალამ დასაწყისშივე გახსნა ანგარიში, როდესაც ბურთი მოხდენილად აჭრა და კარში ჩაუშვა. თუმცა, მალევე სტუმართა დაცვა ჩავარდა და შეიკ დიაბატემ გაათანაბრა. მერე იყო მარიო მანჯუკიჩის გოლი, რომელიც არ ჩაითვალა, ხოლო ტაიმის ბოლოს მირალემ პიანიჩის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი პაულო დიბალამ შეაგდო. მეორე ტაიმის დაწყება და “ბენევენტოს” გოლი ერთი იყო. მეჰდი ბენატიას დიაბატემ აჯობა და დუბლი გაიფორმა. მერე იყო გონსალო იგუაინის საჯარიმოში წაქცევა და კიდევ ერთი პენალტი – დიბალამ ჰეთ-თრიქი გაიფორმა, რომელიც იუბილარ დედას მიუძღვნა. მასპინძელთა კარში ბოლო ლურსმანი დუგლას კოშტამ ულამაზესი გოლით ჩაარჭო. “იუვენტუსმა” 4:2 მოიგო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. სხვათა შორის, “ბებერ სინიორას” “ბენევენტო” არც პირველ წრეში დაუმარცხებია ადვილად (2:1). და მაინც, ბოლო სამ თამაშში გაშვებული 6 გოლი, მაინც და მაინც, კარგის მომასწავებელი არ უნდა იყოს. თანაც, “იუვენტუსის” სანაქებო დაცვისგან...

წააგო “რომამ” და ოთხეულიდან შესაძლოა ამოვარდეს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა საკუთარ მოედანზე “ფიორენტინას” ვერ გაუწია წინააღმდეგობა და უქულოდ დარჩა. თავის მხრივ, სტეფანო პიოლის გუნდმა მიჯრით მეექვსე მატჩი მოიგო და ევროპა ლიგაზე გასვლა უკვე რეალური გახდა.

ორი მატჩი ფრედ დასრულდა. “სპალმა” და “ატალანტამ” გოლები გაცვალეს, ხოლო გენუურმა დერბმა, “სამპდორიას” და “ჯენოას” შორის უგოლოდ ჩაიარა.

“ბენევენტო” – “იუვენტუსი” 2:4 (1:2)

გოლები: 0:1 დიბალა (16), 1:1 დიაბატე (24), 1:2 დიბალა (45, პენ), 2:2 დიაბატე (51), 2:3 დიბალა (74, პენ), 2:4 დუგლას კოშტა (82)

“რომა” – “ფიორენტინა” 0:2 (0:2)

გოლები: 0:1 ბენასი (7), 0:2 სიმეონე (39)

“სპალი” – “ატალანტა” 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ჩიონეკი (39), 1:1 დე რუნი (78, პენ)

“სამპდორია” – “ჯენოა” 0:0 (0:0)

თეგებისერია A
0.184377