ბელგიური “გენტის” ქართველ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიურმა ტელევიზიამ სიუჟეტი მიუძღვნა. Buffalo TV-ს ჩაკვეტაძემ ინტერვიუ ქართულ ენაზე მისცა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:
ადაპტაცია - "რა თქმა უნდა, როდესაც უცხო ქვეყანაში ჩადიხარ რთულია, მაგრამ უნდა შეეგუო. ეს ნორმალურია, უნდა ეცადო, მაქსიმუმი გააკეთო, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში საკუთარი თავი წარმოაჩინო".
ოჯახის წევრები - "აქ იმდენი მეგობარი არ მყავს, როგორც საქართველოში, არც ჩემი ოჯახების წევრები არიან ხშირად ჩემთან ერთად. დიახ, ჩემი ძმა ამჟამად აქაა, დედაჩემიც იყო ჩამოსული. ზოგჯერ ჩამოდიან ხოლმე, სამ თვეში ერთხელ, რადგან ვიზის პრობლემაა. საქართველოში კი რა თქმა უნდა, ინტერნეტის საშუალებით ადევნებენ ჩემს თამაშს თვალს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. თითოეული ადამიანი მეხმარება, დაწყებული სამწვრთნელო შტაბიდან ჩემი მასწავლებლით დამთავრებული".
საყვარელი კერძი - "ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალია – ხორცი შეხვეული ცომში, შემდეგ წყალში დებ და იხარშება".
საუკეთესო მეგობარი "გენტში" - "რომან იერემჩუკი ჩემი საუკეთესო მეგობარია. დიდ დროს ერთად ვატარებთ, ბილიარდს ვთამაშობთ და ა.შ".
პოპულარობა ბელგიაში - "ვფიქრობ, ჯერ ადრეა იმისთვის, რომ უცხო ქვეყანაში პოპულარული გავხდე".
"ბაიერნის" ინტერესი - "სანამ 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდი, მანამდე მქონდა “გენტთან” კონტრაქტი გაფორმებული და შესაბამისად, “ბაიერნში” გადასვლის შესაძლებლობა უკვე აღარ იყო".
დებიუტი ეროვნულ ნაკრებში - "საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გოლით ძალიან ბედნიერი ვარ და ალბათ, ჩემი თამაშით მთელი საქართველო გახარებულია".
ამბიცია - "ჯერჯერობით “გენტში” ვაპირებ დარჩენას. ჩემი ამბიციაა, რომ ერთ დღეს მადრიდის “რეალში” ვითამაშო”.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე “გენტს” გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და დღემდე ბელგიური გუნდის რიგებში 11 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ 18 წლის გიორგი “გენტში” დღითიდღე იმკვიდრებს თავს და იმედია, პროგრესს გააგრძელებს...