სუპერლიგის 27-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთამანეთს ცხრილში მეზობლები და სამეულში უმჯობესი პოზიციის დაკავებაში მთავარი კონკურენტები – “დინამო თბილისი” და “რუსთავი” შეხვდნენ. დღევანდელ მატჩამდე ორივე გუნდს თანაბარი ოდენობის წაგებები ჰქონდა და შესაბამისად, დაკარგული ქულებით თანაბრად იყვნენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მატჩის შედეგს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. გამარჯვებულ გუნდს სოლიდური ჰანდიკაპი ერგებოდა და ეს უპირატესობა საბოლოოდ დინამოელებმა დაიმსახურეს, რომლებმაც მატჩი 1 ქულის სხვაობით – 97:96 მოიგეს.
რუსთაველებს ნომინალური ცენტრი არ ჰყავთ და მთავარ პრობლემას ფარქვეშ თამაშში აწყდებიან. გუნდის ამერიკელი მეფარე პოლ კუპერი ნაოპერაციევია და რეაბილიტაციას გადის ასევე ქვემოქართლელთა ჰოლანდიელი ახალწყეული რაიან ოუენსიც. ასეთ ვითარებაში, რუსთაველთა მთავარი იმედი უკანა ხაზია და თუკი ამ რგოლში არ წაუვიდათ თამაში, ქვემოქართლელები განწირულნი არიან. დღევანდელ შეხვედრაშიც რუსთაველები მაშინ ქვითავდნენ ჩამორჩენას, როცა სამქულიანი სროლები მისდიოდათ, აი, სამწამიან ზონაში კი ფაქტობრივად არაფერი გამოსდიოდათ. დინამოელთა ამერიკელი ცენტრი კაელ ტურპინი დომინანტი გახლდათ და თუკი პასს მიიღებდა, ბურთის ჩაგდება არ უჭირდა.
პირველი პერიოდი “დინამომ” 29:20 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 10 ქულით დაწინაურდა. მეორე ნახევარში ტურპინს მოედნიდან გასვლა მოუხდა, მწვრთნელმა ამერიკელი ცენტრის დასვენება გადაწყვიტა, რამაც დინამოელთა შეტევითი პოტენციალი გაანელა, ხოლო რუსთაველებმა სამქულიანების ჩაგდებას უშხირეს და ერთხანს 16 ქულამდე გაზრდილმა სხვაობამაც კლება იწყო. ადამ ბლეიზეკის, ბრაიან ბერნარდისა და რეზო ჩაჩანიძის სამქულიანებით რუსთაველებმა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, თამაშის დასრულებამდე კი საკმაო დრო იყო – 3 წუთი. აღვნიშნავთ, რომ მეტოქის 6 სამქულიანის საპირწონედ რუსთაველებმა 16 შორი სროლა ჩააგდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
გადამწყვეტი სიტყვა დინამოელთა უკანახაზელმა, ლაველ ბოიდმა თქვა, რომელმაც ორჯერ ზედიზედ სამქულიანები მიითვალა, ხოლო მორიგ შეტევებში თანაგუნდელებს შედეგიანი გადაცემები მიაწოდა და ბოლო წუთზე თბილისელები 8 ქულით დააწინაურა. ბლეიზეკმა შორი სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც რუსთაველებმა მასპინძელთა შეტევა მოიგერიეს და ტაირელ ნელსონმა საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე სამქულიანით ქვემოქართლელთა ჩამორჩნა 2 ქულამდე შეამცირა. სხვა შანსი არ იყო, რუსთაველებმა ტაქტიკური ჯარიმა აიღეს და ლაველ ბოიდმა დასრულებამდე 1.9 წამით ადრე ორივე საჯარიმო მიითვალა – 97:93. მატჩის ბედიც აქ გადაწყდა და ბლეიზეკის საფინალო სირენის თანხლებით ჩაგდებულმა სამქულიანმა გამარჯვებულის ვინაობა ვერ შეცვალა, მაგრამ რუსთაველთა ჩამორჩნა მინიმუმამდე კი შეამცირა – 96:97 “დინამოს” სასარგებლოდ.
გამარჯვებულთაგან 29 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო კაელ ტურპინი. 19 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა ილია ლონდარიძემ. 17 ქულა დააგროვა ლაველ ბოისმა, ხოლო ალეკსანდრ მიტროვიჩმა და რეივენ ლიმ 11-11 ქულა მოაგროვეს. “რუსთავში” 29 ქულით და 8 პასით ადამ ბლეიზეკი გამოირჩა, რომელმაც 12-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. 27 ქულა და 10 მოხსნა ტაირელ ნელსონის ანგარიშზეა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ბრაიან ბერნარდიმ.
27-ე ტურის დასკვნით მატჩში “ბათუმი” “კაკტუსს” მასპინძლობს.
მატჩისშემდგომი კომენტარები:
რამაზ გოგობერიშვილი – „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:
„ველოდით რთულ თამაშს, „დინამო“ კვალდაკვალ მოგვსდევს, სულ რაღაც 1 ქულით ვიყავით წინ. ვულოცავ მათ ამ დამსახურებულ გამარჯვებას. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს თამაშის მოსაგებად, მაგრამ არ გამოგვივიდა, დაცვაშიც და შეტევაშიც გვქონდა შეცდომები და შევეცდებით შემდეგისთვის გამოვასწოროთ.“
ირაკლი ხოშტარია – „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:
„შედეგი, რა თქმა უნდა, მისაღებია, თუმცა ჩვენს თამაშში ჯერ-ჯერობით კიდევ ბევრი ხარვეზი რჩება. წელს ჩვენ აღარ ვართ ფავორიტები და მინდა, რომ მოთამაშეებმა გაიგონ, თითოეული ქულისთვის გვჭირდება მაქსიმალური მობილიზება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე თამაში პლეი-ოფამდე და შევეცდებით მას კარგ ფორმაში შევხვდეთ, ეს არის მთავარი ამოცანა ჩვენთვის.“
დინამო – რუსთავი
სტატისტიკა: 97:96
27-ე ტურის დასკვნითი შეხვედრა აჭარაში გაიმართა. “ბათუმმა” “კაკტუსს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში -91:97 წააგო. ზღვისპირელებმა გასულ 2 ტურში ჯერ “ქუთაისი” დაამარცხეს, შემდეგ – “რუსთავი” და საუკეთესო ოთხეულში შესვლის შანსიც გაუჩნდა, თუმცა დღევანდელ მატჩში წაგებით ამის იმედები მნიშვნელოვნად შეუმცირდა.
თავის მხრივ, “კაკტუსის” შანსი, რომ ოთხეულში შევიდეს და პლეი ოფის პირველ წრეში მოედნის უპირატესობა მოიპოვოს, გაიზარდა. დღვანდელ მატჩში კაკტუსელებს დეანდრე პარკსმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა მიითვალა. ბათუმელთაგან კი 21 ქულით საუკეთესო იყო სპენსერ კოლინსი.
სუპერლიგა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ – 10 აპრილს – “კაკტუსისა” და “დინამოს” დაპირისპირებით გაგრძელდება.
ბათუმი – კაკტუსი
სტატისტიკა: 91:97
gbf.ge